ალუდა ღუდუშაური - აშშ-სა და ევროკავშირთან პარტნიორობა შეუქცევადი პროცესია, ეს ურთიერთობები რომ არ დაზიანდეს, საჭიროა, აშშ-ის ელჩმა მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს
აშშ-ის ელჩმა და საელჩომ მკაფიო განცხადება უნდა გააკეთონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები რომ არ დაზიანდეს, საჭიროა, აშშ-ის ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს.
„როგორც ჩანს, კრიტიკული კითხვები დაგროვდა, რომლებსაც მკაფიო პასუხები სჭირდება. შესაბამისად, ელჩმა და საელჩომ მკაფიო განცხადება უნდა გააკეთონ და ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან საქმე მოსახლეობის ლეგიტიმურ ინტერესს ეხება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა შეუქცევადი პროცესია, ვერავინ და ვერანაირი ძალები ამას ხელს ვერ შეუშლიან, მაგრამ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს, საჭიროდ მიმაჩნია, რომ ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ელჩმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყო.
„განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის წინ ელჩმა უარყო ასეთი სახის შეხვედრა და თქვა, რომ დიდი ხანია არ შეხვედრია ივანიშვილს. მიმაჩნია, რომ განცხადებაში თემა არ უნდა გაშლილიყო, რადგან ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია და არის პოლიტიკიდან გაწეული, რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი და აუცილებელი იქნება, ყველაფერს ნათელი მოჰფინოს და შინაარსობრივ მხარეზე საელჩომ და ელჩმა გააკეთოს განცხადება“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის თემაზეც საუბრობს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შეხვედრა 21 მარტს ელჩის თხოვნით ნამდვილად შედგა და ის სამ საათს გაგრძელდა.