ალუდა ღუდუშაური - არც ზურა ჯაფარიძის ასაყირავებელი ქვეყანა გვაქვს და არც ნებისმიერი პირის, არჩევნები რომ ჩატარდება, ზურა ჯაფარიძე დადგეს და გაზომოს თავისი პოლიტიკური მომავალი
ალუდა ღუდუშაური - არც ზურა ჯაფარიძის ასაყირავებელი ქვეყანა გვაქვს და არც ნებისმიერი პირის, არჩევნები რომ ჩატარდება, ზურა ჯაფარიძე დადგეს და გაზომოს თავისი პოლიტიკური მომავალი

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რადიკალ ჯგუფებს – ჯაფარიძეს, ხოშტარიას და სხვებს, არ სურთ ჩვენი ქვეყნის პროგრესი. ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ, სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ოპოზიციის რადიკალი ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ჩვენს ქვეყანას მტრობენ. ადრე თუ შეფარვით დადიოდნენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ამბობდნენ, ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ უნდა ჰქონდეს პროგრესიო, დღეს ღიად, საჯაროდ, მათ შორის ტელეეთერებში აფიქსირებენ პოზიციას, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. სრულიად ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რადიკალ ჯგუფებს – ჯაფარიძეს, ხოშტარიას და სხვებს, არ სურთ ჩვენი ქვეყნის პროგრესი. ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად. საპარლამენტო რადიკალურ ოპოზიციას არცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა არ მიუღია. ყველაფერი გააკეთეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ჩასულიყვნენ და ეთქვათ სიცრუე, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი განცხადებები გაეკეთებინათ; ყველაფერს აკეთებენ, რომ არათუ პოლარიზაცია შეამცირონ, არამედ მეტად გააჩაღონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, არავის ჰქონდეს სათქმელი, რომ ქვეყანა სამართლიანად არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, ობიექტური, სამართლიანი და ლოგიკური გადაწყვეტის პირობებში, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციაში როლები განაწილებულია.

„ვიღაცას კომიკოსის როლი აქვს, ვიღაცას – ანტურაჟის. როგორც ჩანს, ზურა „გირჩი“ ჯაფარიძეს ადრე თუ ჰქონდა როლი, შარვალჩახდილს, უკანალმიშვერილს ერბინა ჩვენი ქვეყნის შემოგარენში, თითქოს ამით დაამუნათებდა ოკუპანტებს, დღეს მისი როლია, რადიკალური რევოლუციური სცენარებით რაიმე შედეგს მიაღწიოს. მინდა, ყველას ვუთხრა, ცხელი თავები გაანიავონ, რეალობას შეხედონ. არც ზურა „გირჩი“ ჯაფარიძის ასაყირავებელი ქვეყანა გვაქვს და არც ნებისმიერი პირის. ჩვენი ქვეყანა, საქართველო და ქართველი ხალხი არ იმსახურებს, რომ მოვლენები დესტაბილიზაციით განვითარდეს. თუ მართლაც აქვთ პრეტენზია, რომ პოლიტიკოსები არიან ან, არ ვიცი, როგორ წარმოუდგენია, ჩე გევარაა თუ ვინ არის ზურა „გირჩი“ ჯაფარიძე? არჩევნები რომ ჩატარდება, დადგეს და გაზომოს თავისი პოლიტიკური მომავალი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მათი ნამოქმედარის გამო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. ეს პოლიტიკური განაჩენი, განსაკუთრებით ზურა ჯაფარიძემ ძალიან მკაფიოდ იცის, რომ მას არანაირი შანსი არ აქვს, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახოს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.