ალუდა ღუდუშაური - ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყოველი დაკარგული დღე, როდესაც ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში, არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასმა
აშშ-ის სენატში საკომიტეტო მოსმენის დროს ხაზგასმით ითქვა, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია, სამაჯური შეგნებულად მოიხსნა და სახელმწიფოს ესროლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
როგორც ღუდუშაურმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე აღნიშნა, ანგარიშში შესაძლებელია, იყოს კრიტიკული პოზიციაც.
„ეს შესაძლებელია, განპირობებული იყოს იმით, რომ ინფორმაცია ამერიკაში ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ ან ცალმხრივად ან არასრულყოფილად. მაგრამ ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საკომიტეტო მოსმენის დროს გამოთქმული პოზიციები, რომლებიც ყურადსაღები და გასათვალისწინებელია. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყოველი დაკარგული დღე, როდესაც ოპოზიცია არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ შემოდის პარლამენტში, არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასმა. საკომიტეტო მოსმენის დროს ხაზგასმით ითქვა, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია, სამაჯური შეგნებულად მოიხსნა და სახელმწიფოს ესროლა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას სხვადასხვა არხისგან იღებს და მათ შორის შეიძლება, იყოს არაობიექტური ინფორმაცია.
„როდესაც კომუნიკაციაზეა საუბარი, კომუნიკაცია მხოლოდ ერთი არხისგან არ ხდება. კომუნიკაცია სხვადასხვა საშუალებით ხდება. ინფორმაცია შეიძლება, სხვადასხვა არხიდან იყოს და ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია შეიძლება, ობიექტური არ იყოს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი.