ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში გააჩნდათ ორი რესტორანი, სადაც ახდენდნენ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმას უცხოური ბრენდირებული წარმოების ბოთლებში, მის ნიშანდებას მათივე დამზადებული ყალბი აქციზური მარკებით და შემდგომ რეალიზაციას აღნიშნულ რესტორნებში.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებას დაექვემდებარა დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ყალბი აქციზური მარკები და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი და მე-200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6-წლამდე ვადით“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.