საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს. 7 იანვარს საშობაო ალილო იმართება.
თბილისში მომლოცველთა და მგალობელთა გუნდის მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო, რის შემდეგაც ალილოს მონაწილეები პარლამენტის, თბილისის საკრებულოსა და პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართნენ, სადაც მათ საშობაო ნობათი გადაეცათ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დღეს დასრულდება.
ალილოს მსვლელობისას მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე 22 წელია, რაც გრძელდება. ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2 000 წლიდან აღინიშნება.