ალილოს მონაწილეებს შობა პრეზიდენტმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიულოცეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა თბილისში, ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს, მათ საჩუქრები, ტკბილეული გადასცეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
„მშვენიერია, რომ შობა გრძელდება ამ ემოციით, პატარა ბავშვები და მომლოცველები მოდიან და ჩვენ მათ ვუნაწილებთ სიხარულს, მცირე ძღვენს და ეს მცირე ძღვენი შემდეგ განაწილდება იმ ადამიანებზე, ვისაც შედარებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ვუნაწილებთ ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს. ნეტა სულ ასე იყოს, მთელი წელი”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისში საშობაო ალილო იმართება. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო.
ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები 8 იანვარს დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.
ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.