ალიგატორის დნმ-ით მეცნიერებმა საკვებად ვარგისი ლოქოს ჰიბრიდები შექმნეს — #1tvმეცნიერება
ალიგატორის დნმ-ით მეცნიერებმა საკვებად ვარგისი ლოქოს ჰიბრიდები შექმნეს — #1tvმეცნიერება

ალიგატორის დნმ-ის გამოყენებით, გენეტიკოსებმა დაავადებებისადმი მდგრადი ლოქო გამოიყვანეს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება ჩვენს კვების რაციონშიც მოხვდეს.

აშშ-ის ობერნის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ახალ პუბლიკაციაში დეტალურად აღწერს საკუთარ ძალისხმევას, რომელიც ალიგატორის კათელიციდინი გენით ლოქოს გენეტიკური მოდიფიცირებისათვის გასწიეს.

კათელიციდინი ნაწლავებში გვხვდება და წარმოადგენს ანტიმიკრობულ პეპტიდს, რომელიც ორგანიზმებს დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება.

ლოქო

ტექნოლოგია CRISPR-ით დამატებულმა გენმა ლოქოებში დაავადებებისადმი უფრო მაღალი მდგრადობა წარმოაჩინა, ვიდრე ეს გარეულ ლოქოებშია. მკვლევართა განცხადებით, ასე გამოყვანილი ლოქოების გადარჩენის მაჩვენებელი 2-5-ჯერ მაღალი იყო.

ვინაიდან მკვლევრებმა კათელიციდინი რეპროდუქციული ჰორმონის გენს დაამატეს, შეიზღუდა ლოქოს გამრავლების უნარი, მაგრამ მათი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს ჰიბრიდი ლოქოების მიერ გარეულთა გენეტიკური დაბინძურება.

კვლევის ავტორები ასევე მიუთითებენ CRISPR ტექნოლოგიის გამოყენებისას წარმოქმნილ ზოგიერთ გაურკვევლობაზე; აქამდე ამ ტექნოლოგიას ძირითადად ძუძუმწოვრებზე იყენებდნენ და არა თევზებზე. პუბლიკაცია ჯერ რეცენზირებული არ არის.

თუმცა, მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ალიგატორისა და ლოქოს გენების რედაქტირების გამოყენება შესაძლებელი იქნება ლოქოს გამრავლების სხვა მეთოდებთან ტანდემში, რაც ფერმერებს დიდად წაადგებათ.

2021 წელს, აშშ-ში 139 მილიონი ტონა ლოქო აწარმოეს. ფერმებში მოშენებული თევზების მოთხოვნის 50 პროცენტზე მეტი ამ ქვეყანაში სწორედ ლოქოზე მოდის.

ლოქოს რეწვის პროცესი დიდ რესურსებს მოითხოვს. ფერმებში ადგილის სიმცირის გამო, ლოქოებში დაავადებები ვრცელდება. ინფექციურ დაავადებათა გამო, იხოცება ლიფსიტების დაახლოებით 45 პროცენტი. ამავე დროს, ზოგადად თევზი ნაკლებად რეზისტენტული ხდება ანტიბიოტიკებისადმი.

მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცისითვის შეიძლება საკმაოდ არაკომფორტული იყოს იმის გააზრება, რომ ლოქოს, რომელსაც ჭამენ, ალიგატორის გენები აქვს, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ გამოყვანილი ჰიბრიდის ხორცი აბსოლუტურად უსაფრთხოა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.