ალიევისა და ფაშინიანის ადმინისტრაციების ერთობლივი განცხადება - ვადასტურებთ განზრახვას, გაფორმდეს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სამშვიდობო ხელშეკრულება
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის აპარატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.
„აზერბაიჯანი და სომხეთი თანხმდებიან, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორივე სახელმწიფო ადასტურებს განზრახვას, მოაწესრიგოს ურთიერთობები და გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც სუვერენიტეტის პრინციპებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ერთობლივი განცხადების მიხედვით, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის ნდობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით.
განცხადების თანახმად, „კეთილგანწყობის ნიშნად, აზერბაიჯანი – 32 სომეხ, სომხეთი კი ორ აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს“.
გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, „როგორც კეთილგანწყობის ჟესტს, სომხეთი გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარდგენილ განცხადებაზე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიის მასპინძლობის შესახებ და ხსნის თავის კანდიდატურას“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთი და აზერბაიჯანი გამოთქვამენ იმედს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს აზერბაიჯანის განცხადებას კონფერენციის მასპინძლობის შესახებ. აზერბაიჯანი კი გამოხატავს მხარდაჭერას სომხეთის კანდიდატურის აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის COP-ის ბიუროს წევრობისთვის.
ამასთან, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები გააგრძელებენ დისკუსიებს ნდობის აღდგენის აქტივობებისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთნდობის განმტკიცებასა და დადებით გავლენას მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.