ალი ქაან ორბაი - თურქეთმა და საქართველომ ურთიერთობა ავიყვანეთ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ორივე ქვეყანა რეგიონში საკმაოდ ცვალებად გარემოშია და ჩვენ ვართ სტაბილურობის სვეტები
ალი ქაან ორბაი - თურქეთმა და საქართველომ ურთიერთობა ავიყვანეთ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ორივე ქვეყანა რეგიონში საკმაოდ ცვალებად გარემოშია და ჩვენ ვართ სტაბილურობის სვეტები

თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების დაწყებიდან ვხედავთ ძალიან მდგრად, სტაბილურ ზრდას და განვითარებას, ყველა შეთანხმება არის შესრულებული, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე საქართველოსთან, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 2008 წელს და 2009 წელს ძალაში შევიდა, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, საქართველოსა და თურქეთს სამაგალითო ურთიერთობები აქვთ.

„სამაგალითო ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, ზოგჯერ არის რაღაც გამოწვევები, მაგრამ ეს გამოწვევები არასდროს არის ხოლმე პოლიტიკურ დონეზე, თურქეთი გახლავთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობის დაბრუნება 1991 წელს. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გააგზავნა ელჩი 1921 წელს ანკარაში. ჩვენც გვწამს საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილური უსაფრთხო მომავლის. ურთიერთობების დაწყებიდან ვხედავთ ძალიან მდგრად, სტაბილურ ზრდას და განვითარებას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა. ყველა შეთანხმება არის შესრულებული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე საქართველოსთან, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 2008 წელს და 2009 წელს ძალაში შევიდა. მას შემდგომ თურქეთი გახლდათ ყოველთვის პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. 2011 წელს ჩვენ შევთანხმდით უვიზო რეჟიმზე. ჩვენი ურთიერთობა ავიყვანეთ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ჩვენი ვაჭრობა  2,5 მილიარდი დოლარი იყო გასულ წელს. ბატონები ერდოღანი და ღარიბაშვილი რომ შეხვდნენ, გადაწყვიტეს, რომ სამიზნე მაჩვენებელი უნდა იყოს ხუთი მილიარდი დოლარი მომდევნო წლებში“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, საქართველოში თურქეთის ელჩის თქმით, თურქეთსა და საქართველოს შორის ასევე ძლიერდება კულტურული ურთიერთობები.

მისივე თქმით, თურქეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„განათლების კუთხით ყოველწლიურად ჩვენ სტიპენდიებს გავცემთ, მინიმუმ, 30 სტუდენტისთვის საქართველოში. გვყავს ასევე ქართველი თანამშრომლები პოლიციაში, სამხედრო აკადემიაში და ნებისმიერი სფერო, რომელიც არ უნდა ავიღოთ, ვითარდება. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, საერთო წარსული და, ამაზე დაყრდნობით, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მიგვაჩნია, რომ რეგიონულად ერთად უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს. სხვა ქვეყნების ინტერესები შეიძლება, მერყეობდეს და იცვლებოდეს ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად. გავიმეორებ ათათურქის გამონათქვამს – „მშვიდობა მსოფლიოში და მშვიდობა სახლში“. საქართველოც და თურქეთიც საკმაოდ ცვალებად გარემოში არიან ჩვენს რეგიონში და ჩვენ ვართ სტაბილურობის სვეტები. იყო ომები თურქეთის გარშემო, ირანის რევოლუცია, ირან-ერაყის ომი, ავღანეთი, სირია, ლტოლვილების ძალიან დიდი რაოდენობა, რუსეთის თავდასხმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ყირიმის ოკუპაცია და, რამდენიმე მცირე გამონაკლისის გარდა, ჩვენ დავრჩით უსაფრთხო, ძლიერ და სტაბილურ სვეტებად. მიმაჩნია რომ საქართველო ძალიან კარგად ასრულებს უსაფრთხო ქვეყნისთვის დაკისრებულ მოვალეობას. რა თქმა უნდა, არის მიმდინარე პრობლემა რუსეთის მხრიდან ზეწოლისა, 20% საქართველოს ტერიტორიისა არის ოკუპირებული და იმედი მაქვს, რომ ესეც მშვიდობიანად გადაწყდება, აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოში თურქეთის ელჩმა საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მწუხარება გამოთქვა 6 ნოემბერს კირბალთან მომხდარ ფაქტზე.

„მსურს, რომ ჩემი სამძიმარი გამოვხატო სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ქართველი მოქალაქის თამაზ გინტურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან ვწუხვარ და ყველანი შოკირებულები ვართ. ეს გახლავთ მიმდინარე ოკუპაციის შედეგი. იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება და მშვიდობა დადგება უმოკლეს დროში“, – აღნიშნა ელჩმა.