ალი ქაან ორბაი - ჩვენ ერთად ძლიერი ვიქნებით, მადლობა საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, მადლობა, საქართველო
საქართველოში თურქეთის ელჩის, ალი ქაან ორბაის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა საერთაშორისო დახმარებისკენ თურქეთის მოწოდებას და იქ სამაშველო ჯგუფი გაგზავნა.
როგორც ელჩმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თურქეთი მადლიერია ქართველი ხალხის.
„თურქეთში ჩვენ მობილიზებული გვაქვს ბევრი რესურსი, თუმცა დამატებით ვითხოვეთ საერთაშორისო დახმარება. ჩვენი ახლო მეგობარი, მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა საერთაშორისო დახმარებისკენ ჩვენს მოწოდებას. მიწისძვრის დღესვე, 6 თებერვალს საქართველომ დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა სამძებრო-სამაშველო ჯგუფი და იმავე დღეს ისინი გაემგზავრნენ თბილისიდან თურქეთში. ეს არის 60 სპეციალისტისგან შემდგარი, ძალიან კვალიფიციური და პროფესიონალი ჯგუფი. ისინი ადიამანის პროვინციაში არიან, სადაც ნანგრევებიდან ამოიყვანეს 21 წლის ქალი. ჩვენ მადლობლები ვართ ამისთვის. განსაკუთრებით მადლობელი ვართ საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელიც არის თურქეთის ნამდვილი მეგობარი, რომელიც პირადად არის ჩართული თურქეთისთვის საქართველოს დახმარების კოორდინაციის ძალისხმევაში. ადიამანის პროვინციაში მომუშავე პირველ ჯგუფთან ერთად, რომელმაც თურქეთის დახმარების ძალისხმევასთან ერთად ხალხს იმედი ჩაუსახა, საქართველო წუხელ კვლავ გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას და დაუყოვნებლივ მოახდინა კიდევ 40 ადამიანისგან შემდგარი სამძებრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება. მე მათ დღეს აეროპორტში შეხვდი, ისინი სტამბულში გამგზავრებას ელოდებიან, საიდანაც ადიამანის პროვინციაში გაემართებიან. მე პირადად შევხვდი მათ. ისინი არიან ძალიან კვალიფიციური, პროფესიონალი ხალხი. ჩვენ მადლობლები ვართ საქართველოს თურქეთის მიმართ ნამდვილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
საქართველოში თურქეთის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის.
„მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს ხელისუფლების, პრეზიდენტ ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურის და ყველა სხვა მინისტრისა და პარლამენტში ჩვენი მეგობრების მიმართ, რომლებმაც გამოხატეს მწუხარება და გამოთქვეს სამძიმარი. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს იმ ემოციური წუთიერი დუმილისთვის, რომლითაც მათ პატივი მიაგეს მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას გუშინ, პარლამენტის სესიის გახსნისას. ჩვენ აღვდგებით, გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს ჩვენი მეგობრების, ჩვენი ძმების თანადგომით. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, რომელმაც გაიზიარა ჩვენი მწუხარება და გამოიჩინა სოლიდარობა. მინდა ვთქვა, რომ ერთად ჩვენ ძლიერები ვიქნებით. მადლობა, საქართველო“, – განაცხადა ელჩმა.