რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ალექსეი ულუკაევს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რუსეთის მთავრობის ყოფილი წევრი სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე დამნაშავედ სცნო.
განაჩენის მიხედვით, ულუკაევი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, ჯარიმის სახით კი 130 მილიონი რუბლი უნდა გადაიხადოს. სასამართლოს განაჩენში წერია, რომ ყოფილი მინისტრი ქრთამის აღების დროს მოქმედებდა „განზრახ“ და ამოძრავებდა „ეგოისტური მოტივები“.
ულუკაევს ნავთობკომპანია „როსნფეტის“ ხელმძღვანელისგან, იგორ სეჩინისგან ქრთამის სახით ორი მილიონი დოლარის აღება ედებოდა ბრალად. პროკურატურა ყოფილი მინისტრისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 500 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა. სასამართლო სხდომაზე ულუკაევი აცხადებდა, რომ ქრთამის აღებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, საშინელი და სასტიკი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ყოფილი მინისტრი მთავარ მოწმეს, „როსნფეტის“ ხელმძღვანელს სეჩინს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
ალექსეი ულუკაევი 2016 წლის 15 ნოემბრის ღამით დააკავეს. იმავე დღეს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გამოძიების ვერსიით, ულუკაევი სეჩინს ქრთამის სანაცვლოდ „როსნეფტის“ მიერ კომპანია „ბაშნეფტის“ შეძენასთან დაკავშირებით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელშეწყობას დაპირდა.