ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინელი მფრინავები მოუთმენლად ელოდებიან „ეფ-16“-ის გამანადგურებლების გამოყენებისთვის მომზადების დაწყებას, რათა მხარი დაუჭირონ თანამოძმეებს ბრძოლის ველზე
უკრაინელი მფრინავები მოუთმენლად ელოდებიან „ეფ-16“-ის გამანადგურებლების გამოყენებისთვის მომზადების დაწყებას, რათა მხარი დაუჭირონ თავიანთ თანამოძმეებს ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა დაწერა.
რეზნიკოვმა „ტვიტერში“ თავის განცხადებას დაურთო ახალი წელს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ის სანტას წერილს სწერს და სხვა აღჭურვილობასთან ერთად, გამანადგურებლებს სთხოვს.
„მგონი, სანტა კლაუსი არსებობს. დღეს დაიბადა თვითმფრინავების ახალი კოალიცია. უკრაინელი მფრინავები მოუთმენლად ელოდებიან „ეფ-16“-ის გამანადგურებლებზე მომზადების დაწყებას. ახლა ისინი შეძლებენ, თავიანთი ძმებისა და დების მხარდაჭერას ხმელეთსა და ზღვაზე, რათა გაიმარჯვონ ამ ომში“. „ეს-16“ შეიქმნა ცუდი ბიჭების დასამარცხებლად. ახლა დადგა ამის დრო!“ – წერს რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, მანამდე თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციას“ შეუერთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს მეოთხე თაობის გამანადგურებლების, მათ შორის „ეფ-16“-ების გამოყენებაში მოამზადებს. ამასთან, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უახლოეს თვეებში აშშ და მოკავშირეები იმსჯელებენ, როდის და რა რაოდენობის გამანადგურებლებს მიიღებს უკრაინა.