ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინასა და ნატო-ს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან დაიწყოს
უკრაინასა და ნატო-ს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს ძალიან ეპოქალური მოვლენა მოხდა. დღეს, 2016 წლის შემდეგ პირველად, შედგა უკრაინა-ნატო-ს კომისიის შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ყველა მათგანის მონაწილეობით“, – აღნიშნა რეზნიკოვმა და იქვე დასძინა, რომ ამ ფორმატში შეხვედრები წინა წლებში უნგრეთის ვეტოს გამო არ ტარდებოდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრები უკვე „უკრაინა-ნატო-ს საბჭოს“ ფორმატში იქნება.
„ესა მოხდება მაშინ, როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ არ იქნება ნატო-ს წევრი, მაგრამ უკვე იქნება თანაბარი პირობებით ყველა კომიტეტში, ყველა წარმომადგენლობით შეხვედრაზე, კითხვების დასმის უფლებით, რომლებიც გაწერილია ხელშეკრულებებში“, – დასძინა ალექსეი რეზნიკოვმა.