ალექსეი ნავალნის მოკავშირეები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულზე გაცვლა იგეგმებოდა
ალექსეი ნავალნის მოკავშირეები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გაცვლა იგეგმებოდა.
„ის უნდა გაეცვალათ ზუსტად ამ დღეებში. პუტინს შეთავაზება გაუკეთეს“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.
თავის მხრივ, ნავალნის მოკავშირე მარია პევჩიხი იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ განიხილებოდა ნავალნისა და აშშ-ის ორი მოქალაქის გაცვლა ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული „ფეესბეს“ ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის სანაცვლოდ.
„მე 15 თებერვლის საღამოს მივიღე დადასტურება იმაზე, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ფინალურ სტადიაზე იყო. 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, – აცხადებს პევჩიხი.
მანამდე გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერდა, რომ ნავალნის გარდაცვალებამდე მისი გაცვლის საკითხს აშშ, რუსეთი და გერმანია განიხილავდნენ.