რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნი რუსეთის სასამართლომ 20 000 რუბლით დააჯარიმა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
იულია ნავალნაიას დაჯარიმების მიზეზად სასამართლომ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა დაასახელა.
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე, თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ. როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყნის მასშტაბით აქციებზე პოლიციამ 5 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. კრემლის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც აქციებში მონაწილეობას იღებდნენ, „ხულიგნები და პროვოკატორები“ იყვნენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მას შემდეგ რაც ნავალნის მოკავშირეებმა მოსკოვსა და რუსეთის მასშტაბით ათობით ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს, მათთან დიალოგი შეუძლებელი იქნება.
„ხულიგნებთან და პროვოკატორებთან საუბარი შეუძლებელია“, – განაცხადა პესკოვმა.