ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ალექსეი პარამანოვი დაიბარეს.
როგორც იტალიური მედია წერს, იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანტონიო ტაიანის მიერ რუსეთის ელჩის გამოძახების მიზანი ოპოზიციონერი ლიდერის გარდაცვალების გამო მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და ევროპის ერთიანობის დემონსტრირების მცდელობაა.
ამასთან, რუსეთის ელჩები ასევე დაიბარეს შვედეთმა, ფინეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა და სხვა ქვეყნებმა.
ალექსი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.