ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს
ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

„კვლავ გამოდით, არაფრის შეგეშინდეთ. არავის სურს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც მეფობს უკანონობა და კორუფცია“, – ნათქვამია ნავალნის განცხადებაში.

ოპოზიციონერის თქმით, ვლადიმერ პუტინის სასახლის შესახებ მისი გუნდის საგამოძიებო ფილმს უკვე 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. როგორც ნავალნიმ აღნიშნა, მაყურებელთა ორი პროცენტის ქუჩაში გამოსვლაც კი საკმარისი იქნება ხელისუფლების გონზე მოსაყვანად.

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები რუსეთის ქალაქებში 31 იანვარს არის დაგეგმილი. 23 იანვარს ჩატარებული დემონსტრაციები მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა.

შეგახსენებთ, 28 იანვარს მოსკოვის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის ადვოკატთა საჩივარი და ძალაში დატოვა ხიმკინსკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ნავალნი 30 დღითაა დაპატიმრებული.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების დროს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.