ალექსეი გონჩარენკო - მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ძმებო, დაიცავით თქვენი ქვეყანა, ეს ბოლო ბრძოლაა
მსურს, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, აქ რაც შეგვიძლია, გავაკეთებთ, მივიღებთ რეზოლუციას რუსული კანონის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მსურს, მივულოცო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და საქართველოს დიდი წარმატება. ქართული ფეხბურთი დიდებულია და ეს შესანიშნავი ამბავია. სამწუხაროდ, ეს ბოლო კარგი ახალი ამბავია საქართველოდან დღეს, რადგან რასაც ჩვენ იქ ვხედავთ, ეს არ ეხება რუსულ კანონს, ეს არ ეხება უბრალოდ დემოკრატიას, ეს ეხება დამოუკიდებლობის დაკარგვას. ამის გაგება მნიშვნელოვანია. ჩვენი თვალით ვხედავთ საქართველოს ბელარუსიზაციას. ეს სიმართლეა. საქართველოს რეალური ჩრდილოვანი მმართველი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად ამართლებს რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რუსულ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგაც კი. რომ იცოდეთ, ივანიშვილმა დიდ აქციაზე თბილისში განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დამნაშავე საქართველოზე თავდასხმაში 2008 წელს, რუსეთი არ არის დამნაშავე 2014 და 2022 წლებში უკრაინაზე თავდასხმაში, არამედ დასავლეთის ე.წ. გლობალური ომის პარტია, ომის მოსურნეები, ე.ი. ჩვენ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ჩვენ გვსურს, ვნახოთ ევროპული საქართველო, სწორედ ამიტომ ვართ დამნაშავეები და არა – რუსეთი. ეს ხდება ახლა საქართველოში. ეს არის ცხადი გზა ბელარუსიზაციისკენ“, – აღნიშნა გონჩარენკომ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კრემლის პატიმარია.
„პირველი, მათ ჰყავთ კრემლის პატიმრები. მსურს, შეგახსენოთ მიხეილ სააკაშვილი. მე არ ვარ, არ ვყოფილვარ მისი პოლიტიკური გულშემატკივარი, მაგრამ ის კრემლის პატიმარია. ეს აშკარაა და ჩვენმა ასამბლეამ ორი წლის წინ, 2022 წელს მხარი დაუჭირა მიმართვას საქართველოს მთავრობის მიმართ, გაეთავისუფლებინათ სააკაშვილი შეძლებისდაგვარად სწრაფად. მათ ეს არ გაითვალისწინეს; შემდეგ, ისინი კლავენ დემოკრატიას და ამისთვის იყენებენ რუსულ კანონს, რუსულ დღის წესრიგს, რადგან რუსეთი დგას ივანიშვილის უკან, ამაში დარწმუნებული ვარ. თქვენ იცით, რაც მოხდება. მათ ეს გააკეთეს ბელარუსში, შემდეგ მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია და საერთოდ მოკლეს დემოკრატია ქვეყანაში. ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე. ეს არ ეხება პოლიტიკას, ეს ეხება საქართველოს არსებობას. მსურს, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, აქ რაც შეგვიძლია, გავაკეთებთ, მივიღებთ რეზოლუციას რუსული კანონის წინააღმდეგ. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამას ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს საშინელი კანონია. აქ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს შესანიშნავი კანონია და უნდა დაველოდოთ, როგორ იმუშავებს. ვიცით, როგორც იმუშავებს. ის მოკლავს დემოკრატიას და მორჩა. მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, დაიცავით თქვენი ქვეყანა, ეს ბოლო ბრძოლაა. თუ ამას ახლა არ გააკეთებთ, თქვენ დაკარგავთ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ დაკარგავთ საქართველოს, რაც არ უნდა მოხდეს. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ ამის შეჩერება. გააკეთეთ ეს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, უკრაინა, ევროპა, ყველა ადამიანი, ვინც დემოკრატიას უჭერს მხარს, თქვენ გვერდითაა, მაგრამ ვერ ჩაგანაცვლებთ ამ ბრძოლაში“, – განაცხადა გონჩარენკომ.