ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის სასანქციო სიაში შეყვანას ითხოვს
უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს.
გონჩარენკოს თქმით, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს რეალურად მართავს საქართველოს, საუბრობს პუტინის პირდაპირი ენით.
„რაც შეეხება სანქციებს, მინდა, ვთქვა, რომ გვჭირდება უფრო აქტიური ვიყოთ ამ საკითხთან მიმართებაში. შეხედეთ, რა ხდება დღეს საქართველოში. შეხედეთ ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რუსი ოლიგარქის, რომელიც რეალურად მართავს საქართველოს. ის უკვე საუბრობს პუტინის პირდაპირი ენით. ის ამბობს, რომ 2008 წელს რუსეთი კი არ დაესხა თავს საქართველოს, არამედ ეს იყო „გლობალური ომის პარტია“, რომ რუსეთი კი არ დაესხა თავს 2014-ში და 2022-ში უკრაინას, არამედ ვიღაც სხვამ გააკეთა ეს. ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა: რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი და ადამიანი, რომელიც პუტინის ბრძანებით დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას ანგრევს? ეს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების პირდაპირი გამოწვევაა, შავი ზღვის რეგიონში. გასულ კვირას ოდესაში, პირველ შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე ვსაუბრობდით ამ საკითხებზე 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად და მსოფლიოს სურს ამ მიმართულებით უკრაინის ლიდერობის ნახვა, ჩვენი ლიდერობის, რადგან, პირველ რიგში, ჩვენ ვართ დაინტერესებული ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებით. ჩვენი სამხრეთ დედაქალაქი ოდესა არის შავი ზღვის დედაქალაქი, როგორც შავი ზღვის ყველაზე დიდი ქალაქი და პორტი. ასე რომ, მეგობრებო, დავიწყოთ რეალური მუშაობა: მოდით, დავუწესოთ სანქციები ყველა რუს კრიმინალს, როგორიცაა ივანიშვილი და ანალოგიური პერსონები სხვა ქვეყნებში და მოდით, გამოვიყენოთ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი მათთვის, ვინც ამას იმსახურებს“, – განაცხადა რადაში სიტყვით გამოსვლისას გონჩარენკომ.