ალექსეი დანილოვმა აშშ-ის სენატში უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ მოსახლეობას მიმართა - სიმშვიდე და სიმტკიცე, არ დავთმობთ ჩვენს მიწას, გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას
ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას, – ასე ეხმაურება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი სოციალურ ქსელში აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვას.
„სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა, ვის, სად და როგორ მისცეს ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს და არ ვაპატიებთ არავის დაღუპულებსა და დაშავებულებს. ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას, გამოვიტანთ დასკვნებს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას“, – აცხადებს დანილოვი.
მისივე თქმით, ყოველი დღე არის მძიმე, მაგრამ უკრაინა საჭირო გაკვეთილზე იზრდება და ძლიერდება.
„ჩვენ მივხვდით, რომ მსოფლიოში ადამიანური პროგრესის მიუხედავად, ძალა კვლავ ხდება უმთავრესი პრიორიტეტი და სწორედ ამიტომ, უკრაინის თავდაცვის ძალები არიან და რჩებიან ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი, საიმედო დაზღვევა არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის მძევლებად ქცევისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობისგან“, – წერს ალექსეი დანილოვი.
აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დღეს დაბლოკა. როგორც „ბიბისი“ წერს, რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს უკრაინის დასახმარებლად მოიცავდა.
კანონპროექტს მხარი სულ 51 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 49-ვე რესპუბლიკელი სენატორი წინააღმდეგი იყო. იმისთვის, რომ ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტი დაემტკიცებინათ, სულ 60 სენატორის ხმა იყო საჭირო.