ალექსეი დანილოვი - ვემხრობით პოლონეთში ინციდენტის შესწავლის გაგრძელებას, ველოდებით ინფორმაციას, რომლითაც პარტნიორებმა დაასკვნეს, რომ საუბარია უკრაინის თავდაცვით რაკეტაზე
ალექსეი დანილოვი - ვემხრობით პოლონეთში ინციდენტის შესწავლის გაგრძელებას, ველოდებით ინფორმაციას, რომლითაც პარტნიორებმა დაასკვნეს, რომ საუბარია უკრაინის თავდაცვით რაკეტაზე

უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად დეტალური შესწავლის გაგრძელებას უჭერს მხარს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

ასევე, უკრაინული მხარე პოლონეთში აფეთქების ადგილზე წვდომას ითხოვს.

„ჩვენ ვემხრობით ამ ინციდენტის პარტნიორებთან ერთობლივი, მაქსიმალურად დეტალური შესწავლის გაგრძელებას. მზად ვართ, პარტნიორებს მივაწოდოთ რუსული კვალის ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე, ველოდებით პარტნიორებისგან ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაკეთდა საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ საუბარია უკრაინის საჰაერო თავდაცვით რაკეტაზე. ამას გარდა, უკრაინა ითხოვს გადაუდებელ წვდომას აფეთქების ადგილზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის“, – აღნიშნა დანილოვმა.

ამასთან, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში აცხადებენ, რომ მხოლოდ რუსეთი და მისი სარაკეტო ტერორია დამნაშავე მომხდარში.

„ოფიციალური მოსკოვი მუდმივად მიდის გამწვავებაზე, რომ გამოიწვიოს მაქსიმალური მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში და გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რაკეტებთან დაკავშირებულ ექსცესებს სხვა განმარტება ვერ ექნება. ამასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლება შეახსენებს, რომ რუსული რაკეტებისგან ცენტრალური ევროპის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის თავზე ქმედითი საჰაერო ფარის განვითარების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.