ალექსეი დანილოვი - საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხის ხარჯზე სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ამავდროულად, ამცირებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხის ხარჯზე სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება ამცირებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
„მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩვენ რუსეთთან რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოვაწერთ. რაღაცას ოცნებობს, რომ ჩვენ უნდა ჩავრთოთ იქ საქართველოს ნაწილი, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 2008 წელს განახორციელა, მაგრამ როდესაც მარტში მოძმე ქართველებს ვეუბნებოდი, დაგვეხმარეთ და ერთად ვიმუშაოთ, მაშინ საქართველო, ამავე პირების სახით, გაჩუმდა, შენიშვნაც მოგვცა, რომ მე მათ საქმეში ვძვრები.
ახლა სურს, მიეჯაჭვოს ჩვენს გამარჯვებას და მიიჩნევს, რომ ასეა საჭირო. შესაძლოა, ასეც არის საჭირო, მაგრამ საჭიროა ადამიანური მიდგომა ჩვენს მოქალაქეებთან. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ციხეში იმყოფება. რაიმე პატივისცემა მაინც გააჩნდეთ, არ ამცირებდნენ, არამედ გაუშვან ჩვენი მოქალაქე კიევში“, – აღნიშნა დანილოვმა.
ამასთან, დანილოვი ამბობს, რომ არ ესმის, რომელ სამყაროში ცხოვრობენ ქართველები.
„ერთი მხრივ, მათ სურთ, ჩვენი სისხლით დაიბრუნონ მიწა, მეორე მხრივ, ამცირებენ ჩვენს მოქალაქეებს. ეს დაუშვებელია“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოს სურს, უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებით, რუსეთმა მისი მიწა დატოვოს“. ზურაბიშვილის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად შედგება, რუსეთმა ასევე უარი უნდა თქვას საქართველოს თითქმის 15-წლიან ოკუპაციაზე.