ალექსეი დანილოვი - როგორ შეიძლება მოლაპარაკებები რუსეთთან, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტებთან არავინ საუბრობს, მათ უბრალოდ ანადგურებენ
რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ტერორისტებს არ ელაპარაკებიან, მათ ანადგურებენ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.
„როგორ შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან, თუ ეს ქვეყანა აგრესორია? ეს არის ტერორისტული სახელმწიფო. გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტებთან არავინ საუბრობს. მათ უბრალოდ ანადგურებენ. რა სახის მოლაპარაკებებზეა საუბარი? მოუსმინეთ პუტინის რიტორიკას. რა მოლაპარაკებებზეა საუბარი?“ – განაცხადა დანილოვმა.
დანილოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია ცნობილია და არაერთხელ გამოცხადდა: „გადით უკრაინიდან და ამის შემდეგ დავიწყებთ რაღაცაზე საუბარს“.
ამასთან, როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინის გარეშე უკრაინის ბედს ვერავინ გადაწყვეტს.
„ჩვენ არავის, არცერთ ქვეყანას არ მივცემთ უფლებას, ჩვენ გარეშე, ჩვენი ხალხის ნების გარეშე, რაიმე გადაწყვიტოს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ჩვენს საზღვრებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა და ვმოქმედებთ ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვრებით“, – აღნიშნა დანილოვმა.