ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს
უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვამ შესაძლოა, ძირითადი კომუნიკაციების მოშლა გამოიწვიოს, რისთვისაც უკრაინელები მზად უნდა იყვნენ.
„სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი თბოელექტროსადგურების და ენერგოწარმოების ობიექტების 30 პროცენტი დაზიანდა. იქ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არ არის ადვილი, ეს რთული საქმეა, ორ დღეში ვერ გამოასწორებ. შეიძლება, აღმოვჩნდეთ ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში ვისხდებით წყლის გარეშე, სინათლისა და სითბოს გარეშე, ან დიდი შეზღუდვებით. ეს პრობლემაა. მაგრამ ჩვენ დავჯდებით წყლის გარეშე, სინათლისა და სითბოს გარეშე. ჩვენ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ და გადავრჩეთ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.