ალექსეი არესტოვიჩი - მთავარი პრეტენზია მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც ომში მიგვატოვა, უკრაინის მთავრობამ სისულელით და კორუფციით ბევრი მიზეზი შექმნა ქვეყნის მიტოვებისთვის
მთავარი პრეტენზია და მთავარი ტვირთი მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც დიდ ომში მიგვატოვა, სრულ მხარდაჭერას დაგვპირდა და ამის გარეშე დაგვტოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მთავრობამ სისულელით და კორუფციით ბევრი ფორმალური და არაფორმალური მიზეზი შექმნა უკრაინის მიტოვებისთვის.
ალექსი არესტოვიჩი წერს, რომ დავით არახამიას ინტერვიუ არის ომის გაგრძელებისთვის პასუხისმგებლობის გადატანა ბორის ჯონსონზე.
არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ზელენსკის ოფისში გადაწყვიტეს პასუხისმგებლობის განაწილება ჯონსონსა და ზალუჟნის შორის.
„ჩვენ მოვიგეთ ჩვენი ომი. ჩვენ გავტეხეთ რუსეთის ფედერაციის საკადრო არმია და შემოჭრის გეგმა დასავლეთის მინიმალური დახმარებით: პირველი რამშტაინი – უკვე 26 აპრილს, პირველი სერიოზული მიწოდება – ივნისის ბოლოს. ჩვენი ომი შეიძლება დაგვირგვინებულიყო სტამბოლის ხელშეკრულებებით და რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცოცხალი ყოფილიყო. და შემდეგ დაიწყო კიდევ ერთი ომი. ჩვენ ვერ მოვიგებდით ამ მეორე ომს თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების,, სახმელეთო ჯარების ხუთჯერ მეტი მარაგის გარეშე. ეს არცერთი არ მომხდარა. ჩვენ ამაში დიდი ფასი გადავიხადეთ, მაგრამ ეს მაინც პრობლემის ნახევარია. მეორე ნახევარი არის ახალი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ჩვენთვის დაწესებას შეეცდებიან. „გარიგების“ ზოგადი მონახაზები ასეთი იქნება: იმდენი ინვესტიცია ჩავდეთ თქვენში, თქვენ კი ისეთი კორუმპირებული და სულელები ხართ, არ გამოგივიდათ, ახლა პუტინს დაუტოვეთ ოთხი რეგიონი და – კარგი“, – დაწერა ალექსეი არესტოვიჩმა.
ცნობისთვის, უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ზელენსკის რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა ბორის ჯონსონმა ურჩია, რომელიც კიევში რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა.
„როცა სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ჩამოვიდა ბორის ჯონსონი და თქვა, რომ ჩვენ მათთან საერთოდ არაფერს მოვაწერთ ხელს და მოდით, უბრალოდ, ვიომოთ“, – აღნიშნა არახამიამ.