ალექსეი არესტოვიჩი კორეისა და გერმანიის მაგალითზე საუბრობს - ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს პოლიტიკური გზით, თუმცა მზად ვართ, არ დავიბრუნოთ ისინი სამხედრო გზით ამ ეტაპზე
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას სწორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც აღმოჩნდა. ამის შესახებ არესტოვიჩმა იუთუბარხზე, პროგრამა „სამხედრო დღიურში” განაცხადა.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინა აღმოჩნდა ისეთ პირობებში, როდესაც წარმოიშვა პარალელური კონფლიქტები, რომლითაც აშშ-ია დაკავებული, ასევე, როდესაც ევროკავშირმა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლო უკრაინისთვის დაპირებული მილიონი საბრძოლო მასალის მიწოდება და მხოლოდ 300 000 ერთეული მიაწოდა. არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას სწორი სტრატეგიის შერჩევა უწევს იმ ვითარებაშიც, როცა ჩრდილოეთ კორეამ, ვაშინგტონისა და სეულის შეფასებით, მილიონი ჭურვი მიაწოდა რუსეთს, როდესაც უკრაინას პრობლემები აქვს მეზობლებთან, მაგალითად, პოლონეთთან, და იბლოკება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების მიერ. არესტოვიჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აშშ-ში ღიად არის საუბარი დახმარების შემცირებაზე და 2024 წლის აშშ-ის არჩევნების ფონზე უკრაინა დგას სამხედრო დახმარების შემცირების რეალური საფრთხის წინაშე.
არესტოვიჩის განცხადებით, ეს ომი აღმოჩნდა უფრო გაჭიანურებული და მასშტაბური, საჭიროებს პრინციპულად განსხვავებულ მიდგომებს, შესაძლებლობების სტრატეგიულ ზრდას და ევროპა მზად არის ამისთვის. თუმცა, მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ შეფერხებებია უკრაინისთვის თუნდაც ჭურვების მიწოდებაში, აშშ-ის ამჟამინდელი დღის წესრიგი კი მოსკოვისა და პეკინისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.
„მათი მთავარი ამოცანაა, რომ რუსეთს არ გაუჩნდეს ბირთვული სატელიტი ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტის წინ, რაც განიხილება როგორც სრულიად შესაძლებელი სცენარი. მთელი შეიარაღების კონცენტრირება ახლა ხდება საკუთარ თავსა და მოკავშირეებზე, რომლებიც ჩინეთთან იქნებიან შეჯახებაში, თუ ეს მოხდა”, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ორი ბირთვული არსენალი ამერიკულის წინააღმდეგ – ეს არის კოშმარული სიტუაცია, რომელსაც ამერიკელები არ დაუშვებენ.
„ამის აღკვეთა სურთ. მთელი რესურსი ამაზეა მიმართული“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
ამასთან, არესტოვიჩი უკრაინის ტერიტორიების პოლიტიკური გზით დაბრუნებისთვის მზადყოფნაზე საუბრობს.
„რას გვაძლევს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა? მაგალითად, კისინჯერის ვარიანტი, რომელზეც ვსაუბრობთ და რომელზეც ყველას ბნედა ემართებოდა, როდის დავასახელეთ კორეის ვარიანტი დასავლეთში, როგორც დისკუსიის შესაძლებლობა? წელიწადზე მეტი ხნის წინ. მოდით, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა რეალობის დანახვაა, როდესაც ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ვითარების შესანარჩუნებლად გვჭირდება ჩვენი ტექნიკური საშუალებების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდა ბრძოლის ველზე, მნიშვნელოვნად გაზრდა და ახლა საუბარია დახმარების მნიშვნელოვნად შემცირებაზე. მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტა, გაყინვა, როგორც გნებავთ, ისე დაარქვით, ვითარების განვითარება კორეის თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიხედვით, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვეგუებით ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ და მომავალშიც განვაცხადებთ, რომ ჩვენ დავაბრუნებთ მას პოლიტიკური გზით, თუმცა მზად ვართ, არ დავიბრუნოთ ისინი სამხედრო გზით ამ ეტაპზე. ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილების საზღვარი რუსეთში რეჟიმის ცვლილებაზე გადის“, – განაცხადა არესტოვიჩმა.