ალექსეი არესტოვიჩი განმარტავს, რატომ არ უთხრეს უკრაინელებს, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იყო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მთავრობამ იცოდა, რომ რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი იყო, თუმცა უკრაინელებს ეს დაუმალეს, რათა ყოვლისმომცველი ქაოსი არ გამოეწვიათ. ამის შესახებ არესტოვიჩმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო სანდო ცნობა, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა. თუმცა, მთავრობამ ეს ინფორმაცია მოქალაქეებს არ გაუზიარა, რადგან არესტოვიჩის განცხადებით, ეს გამოიწვევდა მოქალაქეების მასობრივ გაქცევას ქვეყნიდან, ხოლო 8-12 მილიონი ადამიანის ავტომაგისტრალებზე გამოსვლა ხელს შეუშლიდა სამხედრო ძალების პოზიციებზე გასვლას და შესაბამისად დაეხმარებოდა კრემლს ე.წ. ბლიცკრიგის მოწყობაში.
„ეს აწყობდა კრემლს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ალბათ წავაგებდით ომს. ჩვენ ამ სიტუაციას ვერ გაუმკლავდებოდით და ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩებოდა ჩვენი მოსახლეობის თავზე ტანკებით გადატარება, მათი დაცხრილვა, რომ არმიას ხიდებზე გადასვლა შეძლებოდა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ცუდსა და უარესს შორის უნდა აერჩია და ნებისმიერი სცენარის მიხედვით, რომელსაც ქვეყნის მთავრობა განიხილავდა, სახელმწიფო ვერ გაუძლებდა, თუ უკრაინელებს გარდაუვალი ომის შესახებ ინფორმაციას გაუმხელდნენ.