ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საქართველოში გამოქვეყნებული არაბული მწერლობის ნიმუშები გადაეცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი სამუშაო ვიზიტით ქალაქ ალექსანდრიას ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საზეიმო ვითარებაში გადაეცა საქართველოში გამოქვეყნებული არაბი მწერლების ნაწარმოებების თარგმანები, ასევე ქართული ლიტერატურისა და პოლიგრაფიის სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები.
აღსანიშნავია, რომ მომავალში აღნიშნული წიგნები ხელმისაწვდომი გახდება როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის, ასევე რიგითი მკითხველისათვის.
სამინისტროს ცნობით, ელჩმა შეხვედრები გამართა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პრეზიდენტ, მუსტაფა ელფაკისთან და ბიბლიოთეკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შერიფ ერრიადთან. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.