ალექსანდრე ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვოს საკითხზე ევროსაბჭოში კენჭისყრის შემდეგ სერბეთის საუკეთესო მეგობრები საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან
ალექსანდრე ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვოს საკითხზე ევროსაბჭოში კენჭისყრის შემდეგ სერბეთის საუკეთესო მეგობრები საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადებით, კოსოვოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოში კენჭისყრის შემდეგ სერბეთის საუკეთესო მეგობრები მომავალში საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ევროსაბჭოს რეზოლუციაში სერბეთმა ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბელგრადი ითხოვს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტს დაემატოს ციტატა: „და ევროპის საბჭოს წევრი ყველა სხვა ქვეყანა“.

„ისინი ამბობენ, რომ იცავენ მოლდოვის, საქართველოს მთლიანობას და ჩვენ დავამატეთ ცვლილება ევროპის საბჭოს ყველა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მიზნით. თუ არ მიიღებენ, რეიკიავიკის სამიტზე არ წავალ. ცხადია, პრინციპები არ არსებობს, შეხედეთ თქვენს ნამუშევრებს, ჩვენ გაჩვენებთ. ყველაფერს პირისპირ ვეუბნები, რომ მოგვატყუეს. როცა ჩემზე თავდასხმებს ხედავთ, მათთვის მნიშვნელოვანი მე არ ვარ, მნიშვნელოვანია, რომ სერბეთი დასუსტდეს. ძალიან დიდი ზეწოლა იქნება და ველოდები სერბი ხალხისთვის რთულ ვითარებას მთელ რეგიონში. ბევრი უბედურება და პრობლემა იქნება, განსაკუთრებით, პრიშტინასთან მოლაპარაკებებში. იმედი მაქვს, რომ კოსოვოში კონფლიქტი არ იქნება, მაგრამ ეს იმედი არაფერს ნიშნავს, ვნახოთ“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

გასულ თვეში ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოსოვოს წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, კვიპროსმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა უნგრეთიც, რომელსაც კოსოვო ოფიციალურად ჰყავს აღიარებული. ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა აღნიშნულ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა და სერბეთის ტრადიციული მეგობრები უწოდა. კენჭისყრაზე უკრაინამ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ თავი შეიკავეს.

16-17 მაისს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ევროსაბჭოს სამიტი ჩატარდება.