ალექსანდრე თევზაძე - მიხეილ ბატიაშვილი IBSU-ს წარმომადგენლებს დაპირდა, რომ ყველას ინტერესი იქნება დაცული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) წარმომადგენლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეხვდა. როგორც მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე ყოფილი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.
„იმედი გვქონდა, რომ შეხვედრაზე ასევე იქნებოდნენ აბიტურიენტები. იმედი მაქვს, რომ პროცესს ისინიც თვალყურს ადევნებენ. ჩვენი სამინისტროს ამოცანაა, რომ ყველა სტუდენტისა და აბიტურიენტის საგანმანათლებლო ინტერესი დავიცვათ.
მინისტრი მათ დაპირდა, რომ ყველას ინტერესი იქნება დაცული. ყველა აბიტურიენტს, რომელსაც სხადასხვა მიმართულებაზე ჩაბარება უნდოდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ – ეს იქნება გეგმური თუ არაგეგმური მობილობა, სხვადასხვა უნივერსიტეტებში გადანაწილება. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ავტორიზაციის საბჭოს ხარისხის მიმართულებით გარკვეული შეკითხვები ჰქონდა. ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ საბჭოს შეკითხვები ჰქონდა ფინანსური მდგრადობის მიმართულებით. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს და კარგია, რომ დღეს ჩვენ მივდივართ ევროპული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით“, – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
მისივე თქმით, უნივერსიტეტს სახელმწიფოს მიმართ წლებია, დავალიანება აქვს.
„რამდენადაც ვიცი, უნივერსიტეტს 4 თუ 5 წელია, სახელმწიფოს მიმართ დავალიანება აქვს. მათ ამის დაფარვის საშუალება ჰქონდათ. ჩვენი ამოცანაა, რომ ფინანსური პრობლემები, რომელიც უნივერსიტეტს აქვს, ახალგაზრდების განათლების უფლებაზე არ აისახოს. თუკი ჩვენ ახალგაზრდების განათლების უფლებას და ხარისხს ფინანსებს დავუკავშირებთ, ეს რა თქმა უნდა პრობლემა იქნება. ჩვენ გვინდა, რომ
ახალგაზრდებმა მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განცხადებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შესახვედრად განათლების სამინისტრო ყოველთვის მზად არის.
„პრობლემები ფინანსური საკითხია. სამინისტრო ფინანსურ საკითხებში კერძო უნივერსიტეტის კომპეტენციაში ვერ შევა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტუდენტების უფლებები დავიცვათ. შევეცდებით, რომ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში მაქსიმალურად მოვიძიოთ თავსებადი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ასევე ინგლისურ ენაზე ხორციელდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე, რატომ მოხდა უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის ახლა განხილვა, თევზაძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობა ავტორიზაციას გეგმურად გადის.
„რამდენადაც მახსოვს, შავი ზღვის უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2 სექტემბერს უთავდებოდა და კომისიამ გეგმურად, დაახლოებით ამ ვადებში იმსჯელა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ცნობით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ფინანსური დავალიანებების გამო შეეზღუდა.