ალექსანდრე თევზაძე​ - ადრონული თერაპიის ცენტრი არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის საშუალებას მოგვცემს და გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს
ალექსანდრე თევზაძე​ - ადრონული თერაპიის ცენტრი არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის საშუალებას მოგვცემს და გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს

ადრონული თერაპიის ცენტრი არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის საშუალებას მოგვცემს და გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები უკვე დაიწყო. დღეს უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც მხარეების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ის ტერიტორია დაათვალიერეს, რომელზეც ადრონული თერაპიის ცენტრი აშენდება.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრად არიან IDOM-ისა და IBA-ს წარმომადგენლები, ეს არის ჩვენი მეგაპროექტი, ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის ფარგლებში ხდება ორი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლის დადგმა, პროტონული თერაპიის კლინიკისათვის და სამეცნიერო კვლევების მიზნებისათვის.

დამპროექტებელი კომპანია IDOM-ი ჩვენ მიზნობრივად შევარჩიეთ. ეს არის კომპანია, რომელმაც დააპროექტა ესპანეთში პროტონული თერაპიის ცენტრი მადრიდის საუნივერსიტეტო კლინიკასთან, მათ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება, სამეცნიერო კვლევითმა და კლინიკურმა ცენტრმა იმუშაოს უნივერსიტეტთან ერთად. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება გვაინტერესებს.

ადრონული თერაპიის ცენტრი არის უნიკალური პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდები დავნერგოთ, რომელიც გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს“, – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

პროექტს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო, ესპანური IDOM გუნდი ახორციელებს, აღნიშნულ პროექტში იღებენ მონაწილეობას სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების წამყვანი კომპანია IBA (ბელგია) გუნდები. აღნიშნულ კვლევით ცენტრში შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კვლევების განხორციელება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რადიაციულ ფიზიკაში და ბიოფიზიკაში. კვლევითი ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს პროტონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბებას, KIU-ს მედიცინის ფაკულტეტთან ერთად.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს.