ალექსანდრე რაქვიაშვილი - წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდოდა, ეთქვა დავით ბერძენიშვილს, თუ რამე მტკიცებულება არსებობს, რომ ვინმე სტალინს იცავს, საჯაროდ შეიძლება ამაზე დისკუსიაც
ალექსანდრე რაქვიაშვილი - წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდოდა, ეთქვა დავით ბერძენიშვილს, თუ რამე მტკიცებულება არსებობს, რომ ვინმე სტალინს იცავს, საჯაროდ შეიძლება ამაზე დისკუსიაც

სტალინი ჩვენი ეკლესიის ყველაზე მთავარი მტერი იყო და არ მგონია, ჩვენს ეკლესიაში ვინმე საღ აზრზე იყოს და იყოს სტალინის მხარეს, ან მოსწონდეს ის და ა.შ. ზუსტად რა იგულისხმა დავით ბერძენიშვილმა, არ ვიცი, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანია, რომ სტალინი, შეიძლება, პერსონალურად ბევრმა იცოდეს, რომ ჯალათი და მტერი იყო ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის, მაგრამ სტალინიზმის იდეები მართლა ძალიან გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში დღემდე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამე მტკიცებულება თუ არსებობს, რომ ვინმე სტალინს იცავს, საჯაროდ შეიძლება დისკუსია.

„ჩვენ, ფაქტობრივად, იმ წესებში ვცხოვრობთ, რომელიც დიდწილად სტალინის დამსახურებაა, დაწყებული იმით, რომ მთავრობა ერევა ოჯახის საკითხებში და სტალინი იყო, რომელმაც გაანადგურა, ფაქტობრივად, ჩვენი ტრადიციული ოჯახური ღირებულებები. ახლა ხალხს რომ ტრადიციული ჰგონია, ეს სინამდვილეში სტალინისტურია და ამ ნაწილში, კონსერვატორებს რომ ეძახიან თავიანთ თავს, სინამდვილეში სტალინისტები არიან თავიანთი იდეით; მეორე – მთავრობა. მაგალითად, მთელ ქვეყანას მთავრობა ფლობს, ეს სტალინის დროს მოხდა, როდესაც წაგვართვეს საკუთრება, ამიტომ სტალინისტური იდეები, სამწუხაროდ, გავრცელებულია მთელ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში, რელიგიურ ნაწილშიც და ა.შ. თუ ამას გულისხმობდა დავით ბერძენიშვილი, ეს სიმართლე იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ ამაზე იყო საუბარი და ალბათ ის უკეთ ახსნის თავის პოზიციას. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდოდა, ეთქვა დავით ბერძენიშვილს, თუ რამე მტკიცებულება არსებობს, რომ ვინმე სტალინს იცავს, რატომაც არა, საჯაროდ შეიძლება ამაზე დისკუსიაც“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა: „მარტო მატრონას ხატს და რუსულ ნარატივს კი არ იცავენ, სტალინს იცავენ, სტალინისტებითაა გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით“.