ალექსანდრე რაქვიაშვილი - ურიგო არ იქნება, შევიმუშაოთ კანონპროექტი, მაგალითად, პოლიციელს რომ ბინას აუშენებთ, ბინაზე მიწერილი იყოს, რომ აშენდა ხალხისთვის წართმეული ფულის ხარჯზე
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ურიგო არ იქნება, შევიმუშაოთ კანონპროექტი, მაგალითად, პოლიციელს რომ ბინას აუშენებთ, ბინაზე მიწერილი იყოს, რომ აშენდა ხალხისთვის წართმეული ფულის ხარჯზე

არ იქნება ურიგო, შევიმუშაოთ კანონპროექტი, მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ აუშენებთ, ბინაზე მიწერილი იყოს, რომ აშენდა ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე. მაგალითად, რთველს რომ დავაფინანსებთ, ვთქვათ, რომ ყურძენი იყიდა მთავრობამ ჩვენი შვილების მომავალი შემოსავლების ხარჯზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ.

რაქვიაშვილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს მომავალი თაობების ხარჯზე ცხოვრება და ადამიანებისთვის სიმართლის ართქმა.

„ხშირად არის აღქმული, რომ ბიუჯეტი რომ იზრდება, ის კარგია, ხარჯები რომ იზრდება, კარგია, მაგალითად, პოლიციელებს ბინებს რომ უშენებთ, კარგია და ა.შ. ზოგადად, პოზიტიურად არის ხოლმე ეს აღწერილი და არაფერია ნათქვამი, ეს ფული ხომ ადამიანების ფულია, რომელიც წავართვით. არ იქნება ურიგო, შევიმუშაოთ კანონპროექტი, მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ აუშენებთ, ამ ბინაზე მიწერილი იყოს, რომ ეს ბინა აშენდა ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე. მაგალითად, რთველს რომ დავაფინანსებთ და ვიტყვით, რომ ყურძენი იყიდა მთავრობამ, ეს იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს ვალი გავუზარდეთ და ჩვენი შვილების მომავალი შემოსავლების ხარჯზე მოხდა. სიმართლე ვუთხრათ ადამიანებს. მე რო ვთქვა ახლა, არ აუშენოთ პოლიციელებს ბინა, მეტყვით, ოხ, როგორ შეიძლება, პოლიციელი ადამიანი არ არის? ოჯახი ჰყავს, როგორ, ბინა არ სჭირდებაო? ყველა ადამიანს სჭირდება ბინა და კარგი ცხოვრება, ეს ხომ თავისთავად ცხადია, უბრალოდ, რის ხარჯზე ვაკეთებთ? ვიღაც ადამიანს ვართმევთ ფულს, ამას ვაძლევთ. თან, ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს, ანუ მომავალი თაობების ხარჯზე ვცხოვრობთ და ნაცვლად იმისა, რომ ეს დეფიციტი შევამციროთ, ხარჯებს ვზრდით. ეს არის ზოგადი პრობლემა, ბევრად მარტივი იქნება, თუ სიმართლეს ვიტყვით. ვიდრე ისე წარმოგვიდგენია, რომ ბიუჯეტის ზრდა კარგი საქმეა და ბიუჯეტმა თუ რთველი დააფინანსა, ჰაერიდან ჩამოვარდა ეს ფული, მანამდე გვექნება ეს პრობლემები. მინდა, ასეთი კანონპროექტი შემოგთავაზოთ და თუ გაბედავთ, მიიღოთ, მადლობელი ვიქნები“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.