ალექსანდრე რაქვიაშვილი - ტრეფიკინგია, თუ ადამიანს აიძულებენ მუშაობას, ვითხოვთ, ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე
„გირჩის“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ „დროებით, ვიდრე ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო გაწვევა არ გაუქმდება, სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს“.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რაქვიაშვილმა განაცხადა, კანონმდებლობით, ტრეფიკინგი მოიცავს ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელებას ძალადობით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ექსპლუატაციის მიზნით.
„მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს თავისი ნების წინააღმდეგ მუშაობას აიძულებენ, ეს არის ტრეფიკინგი და კანონით ისჯება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობა აპირებს, იგივე განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით 18-27 წლის ბიჭების მიმართ, რასაც ისინი ეძახიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ანუ, ციხის მუქარით აპირებენ, ადამიანები საკუთარი ნების წინააღმდეგ ამუშაონ 125 ლარად – ზოგი შლაგბაუმზე, ზოგი „ვიშკაზე“ და ა.შ. ჩვენ ვითხოვთ, რომ დროებით, ვიდრე სავალდებულო გაწვევა არ გაუქმდება, ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე. ეს არის სადისტური კანონი, რომელიც პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, თუმცა ამაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი სამხედროები ჩაერთვებიან და, ფაქტობრივად, მათ დავაკისრებთ პოლიციურ ფუნქციებს, რომ სდიონ იმ ადამიანებს, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ. ვინც ასეთი ტრეფიკინგის მსხვერპლი იქნება, ჯარში პროფესიონალების გვერდით აღმოჩნდებიან მაშინ, როცა ისინი მხოლოდ იმაზე იფიქრებენ, ჯარიდან როგორ წავიდნენ. ეს დაუშვებელია და ჯარის მიმართ უპატივცემულობაა. ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, პოლიტიკიდან განდევნილი უნდა იყოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
პარლამენტი „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავს, რომელიც სავალდებულო სამხედრო გაწვევას ითვალისწინებს.