ალექსანდრე რაქვიაშვილი - შინაარსობრივად, გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონები ევროპასა თუ ამერიკაში კონკრეტულად ვიღაცის წინააღმდეგ კეთდება, ჩვენ, როგორც ჩანს, ამერიკელებს ვებრძვით
შინაარსობრივად, გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონები ევროპასა თუ ამერიკაში კონკრეტულად ვიღაცის წინააღმდეგ კეთდება, ჩვენ, როგორც ჩანს, ამერიკელებს ვებრძვით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილს გამჭვირვალობის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე დაუსვეს კითხვა.
„ევროპასა და ამერიკაში ასეთი ტიპის შეზღუდვები პოლიტიკურ ლობიზმთანაა დაკავშირებული. ჩვენთან ეს აკრძალულია. ამერიკაში შეიძლება, დაიქირაო ლობისტი და, მაგალითად, ამერიკაში საქართველოს მთავრობის ან ოპოზიციის ინტერესები გაატარო, ეს საქმიანობა რეგულირდება FARA-ს კანონით. ჩვენთან ამის უფლება არ არსებობს. არ შეიძლება, რომ ამერიკის მთავრობამ დაიქირაოს ვინმე ლობისტი ჩვენს ქვეყანაში, რათა ამერიკის ინტერესები გაატაროს, მაგალითად, პარლამენტში. შინაარსობრივად, ეს კანონები ევროპასა თუ ამერიკაში კონკრეტულად ვიღაცის წინააღმდეგ კეთდება, კონკრეტული მტერი ჰყავს. ამერიკელებს ნაცისტური გერმანია ჰყავდათ და ახლა რუსები ჰყავთ. ევროპელებიც რუსებს ებრძვიან, საფრანგეთში – რუსეთის დაფინანსებას და ასე შემდეგ. ჩვენ, როგორც ჩანს, ამერიკელებს ვებრძვით და ამაშია პრობლემა. იდეურ დონეზე რომ განვიხილოთ, ჩვენი კანონი მიმართულია ამერიკის წინააღმდეგ. ჩვენს ქვეყანაში ამერიკელებს თუ ვებრძვით, ვინღა გვრჩება და რა არჩევანი გვაქვს? გამოდის, რუსეთის სასარგებლოდ ვმოქმედებთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.