ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ქართული ქარტიის“ პუნქტებზე დისკუსიები, დებატები თუ არ დაიწყება, ასეთ ქაღალდს არანაირი ღირებულება არ გააჩნია
მიკვირს ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების, რომლებიც ისეთ დოკუმენტს აწერენ ხელს, რომ არ იციან, რა წერია მასში. ეჭვი მაქვს, „ქართული ქარტია“ მომავალში არავის გაახსენდება, თუ ამ დოკუმენტის უკან რომელიმე პარტია ან გაერთიანება არ დადგება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დისკუსიები, დებატები თუ არ დაიწყება, არ მოხდება ქაღალდზე დაწერილი პუნქტების განმარტება, ასეთ დოკუმენტს ღირებულება არ გააჩნია.
„ისეთ დოკუმენტებს არ ვაწერთ ხელს, რომლის შინაარსი არ გვესმის და, მით უმეტეს, როდესაც ერთი ნაწილი არ გვესმის და მეორეს არ ვეთანხმებით. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე პუნქტი იყო, რომელიც, ჩვენი აზრით, გასაგები და მისაღები იყო, ხოლო დანარჩენი გაუგებარი ან მიუღებელი. მიკვირს ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების, რომლებიც დოკუმენტებს აწერენ ხელს, თვითონ რომ არ იციან რა წერია მასში და ეჭვი მაქვს, ეს დოკუმენტი არავის გაახსენდება, თუ მის უკან არ დადგება რომელიმე პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება თავისი პოლიტიკური სიით და იტყვის, ეს არის ჩემი პროგრამა. მაშინ შეიძლება ვიღაცას კიდევ ახსოვდეს. თორემ უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი პუნქტები, რომლის შინაარსი უცნობია, თუ ამაზე არ დაიწყება დისკუსიები, დებატები, თუ არ მოხდება ამ პუნქტების განმარტება, არავის არ გაახსენდება, რადგან ასეთ ქაღალდს არანაირი ღირებულება არ გააჩნია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფილა ისეთი შეთანხმებები, რომლებიც შინაარსობრივად ბევრად უკეთესი იყო.
„ახლოსაც ვერ მივა ქარტია იმ შეთანხმებასთან, რომელიც ჩვენ 2020-ის არჩევნების წინ გავაფორმეთ. მაგრამ იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაზე დისკუსიები არ გაიმართა, შეთანხმება ყველას დაავიწყდება. დისკუსიების და დებატების გარეშე ამ შეთანხმებას არანაირი ღირებულება არ გააჩნია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.