ალექსანდრე რაქვიაშვილი - ქარტია არ იყო საჯარო დისკუსიებით შემდგარი დოკუმენტი, სრულიად უვარგისი ტექსტი შედგა, ხელს თუ მოვაწერდით, შევასრულებდით, უვარგისი დოკუმენტის შესრულება კი არ შეიძლება
ქარტიის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს არ იყო საჯარო დისკუსიების შედეგად შემდგარი დოკუმენტი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა.
„ძველი ტრადიციით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ერთპიროვნულად შეადგინა ეს დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიას, მათ შორის, ჩვენც გვქონდა წინასწარი რაღაც კომუნიკაცია. შედგა სრულიად უვარგისი ტექსტი, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო კარგი დოკუმენტი დისკუსიის დასაწყისად. რეალურად, უვარგისია, როგორც ვალდებულება. არ მჯერა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია შეასრულებს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის ნაწილს, თუ, რა თქმა უნდა, ეს მისი კანდიდატი არ იქნება. არ მჯერა, რომ, მაგალითად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე პრეზიდენტს აქვს უფლება, ილაპარაკოს, როცა საბჭოს ყველა წევრი, რომელიც მისი გადმოსახედიდან პრობლემურია, ფაქტობრივად, მისი დანიშნულია ეროვნულ ბანკში და ერთხელ არ აუხსნია, როგორ და რატომ დანიშნა ეს ადამიანები. სასამართლო რეფორმაზე როცა მიმდინარეობს საუბარი, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც პრეზიდენტის კვოტით იყო დანიშნული, ასევე, ფაქტობრივად, სასამართლო კლანის წევრი იყო და როგორ დანიშნა პრეზიდენტმა, რა კონსულტაციები ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“ და ა.შ. სინამდვილეში, ძალიან დიდი არაგულწრფელობაა ამ დოკუმენტში და, ბუნებრივია, ჩვენ ასეთ დოკუმენტზე ვალდებულებას ვერ ავიღებდით“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, „გირჩი“ მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, თავის ამომრჩეველთან უნდა იყოს მართალი და პრინციპები დაიცვას.
„ვერ ვეტყოდი ჩემს ამომრჩეველს, იცით რა, ეს რაღაც დოკუმენტია, რომელიც არავის პატივს არ სცემს. უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ, რადგან მოდაში შემოვიდა რაღაც მომენტში და მაინც არავინ შეასრულებს. ჩვენ ხელს თუ მოვაწერდით, შევასრულებდით, უვარგისი დოკუმენტის შესრულება კი არ შეიძლება. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, მოგეხსენებათ, როგორც წესი, თავის სიტყვებს დიდ პატივს არ სცემს და იცის, რომ მარტივად გადააგდებს მეორე მხარეს, თუ ეს დასჭირდა. ამიტომ ჩვენ იმ ხალხთან საერთოდ იშვიათად გვაქვს ხოლმე რაღაც საერთო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს „გირჩი“ კოალიციური მთავრობის არსებობის შემთხვევაში, თუ მანდატებს მიიღებს და ვისთან შესაძლო თანამშრომლობა იქნება მათთვის წითელი ხაზი, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ სპექტრში მყოფი ადამიანების წარსულის გამო „გირჩს“ ინდივიდუალურ დონეზე დიდი სიმპათიები არავის მიმართ არ აქვს, თუმცა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ვინც მათ იდეებს და პოზიციებს წაჰყვება, მასთან შექმნიან კოალიციას.
რაქვიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „გირჩის“ პრიორიტეტებია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მიწების, ტყეების, სახელმწიფო კომპანიებისა და სხვა აქტივების ხალხისთვის დანაწილება, რათა ქვეყნის რესურსები გახდეს მოქალაქეების; საწყისი საპრივატიზაციო ფულის ყველასთვის დარიგება და ამ ნაბიჯებით ადამიანების გამდიდრება; სოციალური პროგრამების და გაბერილი ბიუროკრატიის გაუქმების ხარჯზე საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დაწესება და უკიდურესი სიღარიბის დამარცხება; საჯარო მოხელეებისთვის შანსის მიცემა, რათა ისინი კერძო სექტორში ადაპტირდნენ; ვაჭრობის დაშვება დოლარში, ევროსა და სხვა ვალუტებში, მოსახლეობისთვის არჩევანის მიცემა, რომ ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული ლარზე; ხელფასის მიღება და სესხის აღება ასევე სხვა ვალუტებში და ასე შემდეგ, რათა ადამიანებმა თავი დაიცვან ლარის გაუფასურებისგან; სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმირება; ერთპიროვნული მმართველობის დასრულება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.