პრეზიდენტი ინიციატივით, ფაქტობრივად, ამბობს, მე დავნიშნავ მთავრობას, თქვენ, პარლამენტარები კი, უბრალოდ, მწვანეს დააჭერთ. ასეთი პარლამენტარიზმი არ მესმის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ანუ, მომავალმა პარლამენტარმა თავის თავს უფლება უნდა წაართვას, აირჩიოს მთავრობა. ან საერთოდ, ვინ აგებს პასუხს ამ მთავრობაზე? ეს პრეზიდენტი მერე წავა, რადგან ვადა უმთავრდება და დაგვრჩება მთავრობა, რომელზეც არავინ არ არის პასუხისმგებელი? ასე ხომ სრული აბსურდული ვითარება შეიძლება შეიქმნას? ეს ინიციატივა თავისთავად არაკონსტიტუციურია, მაგრამ დავუშვათ, კარგი იდეა რომ იყოს, იტყვი, კონსტიტუციაში შევცვალოთო. იქ რამდენიმე პუნქტი ისედაც ითხოვს შეცვლას, მაგრამ, სულ მცირე, იდეა მაინც ხომ უნდა იყოს კარგი? საერთოდ არ მივიჩნევ, რომ პოლიტიკოსები რაღაც ცუდი ხალხია, ისეთი ცუდი, რომ მთავრობა არ უნდა ვანდოთ, პარლამენტში მარტო იმიტომ უნდა შევიყვანოთ, რომ ღილაკებს დააჭირონ და რაც მთავარია, შემდეგ უნდა გავუშვათ, ერთ წელიწადში. ეს არ მესმის. მაშინ, უბრალოდ, პრეზიდენტმა მართოს ქვეყანა, თუ პარლამენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილის თქმით, ქარტია იმ ფორმით, როგორიც ახლაა, არის რაღაც ტიპის დოკუმენტი იმ პარტიებისთვის, რომლებსაც უნდათ, საერთო სია გააკეთონ.
„თუ ერთი პარტიაა, რაღაც ასეთი ზოგადი დოკუმენტი შეიძლება გამოგადგეთ, თქვათ, აი, გვაქვს გეგმა, პრეზიდენტიც დაგვეთანხმაო და ამომრჩეველს შეიძლება უთხრათ, როგორც საარჩევნო გეგმა, მაგრამ ამ რეალობაში როგორ?“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს რამდენიმე პარტიის ღია განცხადებას, რომ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება არ უნდა და ეს მათთვის წითელი ხაზია, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრს შეიძლება, არ უნდოდეს, მაგრამ მაშინ გაუგებარია, ასე ბრმად როგორ აწერენ ხელს ამ დოკუმენტს, რომელიც საერთოდ კარგავს შინაარსს, თუ მასში არანაირი გაერთიანება არ იგულისხმება. რაქვიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ მოძრაობენ, მაინც გაერთიანდებიან.
„თუ რაღაც საღი აზრი არსებობს, არ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი, ოთხი, შვიდი პარტია არსებობდეს, რომლებიც, უბრალოდ, „ნაცმოძრაობის ხმებზე პარაზიტირებენ, არცერთ ხმას არ წაართმევენ „ქართულ ოცნებას“, და არჩევნებზე ცალკე გავიდნენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ქარტია განვიხილოთ ამ ტიპის ერთობის წინა პერიოდად, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ასეა.
„ხელმოწერებს რომ დააკვირდეთ, ასე გამოდის. მგონი, უბრალოდ, ვერ გაბედეს ამის თქმა, გაერთიანებას ვაკეთებთო. ამ გაერთიანებას მოუხდებოდა ეს ქარტია, რაღაც ასეთი დიდი „ნაცური“ გაერთიანება, ქარტია, პრეზიდენტი და ა.შ. მე პირიქით, მადლობელიც ვიქნებოდი პრეზიდენტის მიმართ, რომ ეს ხალხი გააერთიანა, მაგრამ არც პრეზიდენტის ავტორიტეტი ყოფნის, რათა ცალკეული პოლიტიკოსების ეგო დაიძლიოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიტინგები არ შეიძლება იყოს აპოლიტიკური, მიტინგზე სცენაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი, პოლიტიკოსები უნდა დადიოდნენ პარლამენტში იმის ცოდნით, რომ ის ხალხი მათ უჭერს მხარს, მაგრამ ეს რომ გააკეთო, შენ უნდა იცოდე, რითი გამოდიხარ ხალხთან, რას ელაპარაკები ადამიანებს და რას სთავაზობ.
„ოპოზიციის დიდ ნაწილს ჩვენზე ბევრად მეტი რესურსი აქვს, ტელევიზიებიდან დაწყებული, ფინანსებით დამთავრებული. ამიტომ, შეიძლება, სცენა ააწყონ და არ შეგიშვან იქ, მაგრამ თვითონაც რომ ვერ გადიან? საბოლოო ჯამში, უზარმაზარი საპროტესტო მუხტი, რომელიც იყო, ისე დასრულდა, რომ არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია, თქვას, ეს ხალხი მე მიჭერდა მხარსო, და თუ პოლიტიკოსს არ უჭერ მხარს, მიტინგს არანაირი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, „გირჩის“ დაბლოკვა იმით არის განპირობებული, რომ პარტია სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს მთელ პოლიტიკურ სპექტრში.
„ვინაიდან ამაში კონკურენტული უპირატესობა გვაქვს, შეიძლება, გულის სიღრმეში კი შურთ, რაც ბუნებრივია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ცდილობენ, დაგვბლოკონ, რათა, უბრალოდ, კონკურენციაში არ შემოვიდნენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ამასთან, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიდი სხვაობის შემთხვევაში რამე პრობლემა არ იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ვინც არ უნდა იდავოს, არავინ დაუჯერებს, მაგრამ თუ 1-2%-იანი სხვაობა იქნა, წაგებული ვინც არ უნდა იყოს, ვითარებას ის დაძაბავს.
შეკითხვაზე, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ ეს კონფიგურაცია, მათ შორის, ითვალისწინებდეს რევოლუციურ სცენარს, იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ 2024 წლის არჩევნების შედეგი და აღნიშნა, რომ მათ ხმების დაცვა მოუწევთ, რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში არავინ არ არის, ვისაც ამის გამბედაობა აქვს.
„მიტინგებს როცა ვაკრიტიკებდით, ვეუბნებოდით, ჩვენ ხომ გიცნობთ და ვერავინ ვერც კი გაბედავთ თქვათ, მე ვარ რევოლუციონერიო. სცენაზე ვერ გამოდიოდნენ, ეშინოდათ და რა დროს რევოლუციაა? პოლიტიკოსები ხომ ჩრდილში იყვნენ და სცენაზე არ გამოდიოდნენ, მათ შორის, ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიები, რადგან ხალხი იძახდა, პოლიტიკოსები არ გვინდაო და ამიტომ არანაირი შანსი არ იყო რევოლუციის. იქ ახალგაზრდები რაღაცას რომ ამტვრევდნენ და ახლა იჭერენ, აჯარიმებენ, იმის შედეგი იყო, რომ ვითომ რადიკალურობა ითამაშა ოპოზიციის ნაწილმა, მეორე მხრივ, უბრალოდ, ვერ გაბედეს ეთქვათ, კარგი, მოდი, რევოლუცია მოვაწყოთო, და ვერც გაბედავდნენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.