ალექსანდრე რაქვიაშვილი - პოლიტიკური თამაშის ნაწილია, როდესაც სექსუალური უმცირესობებისგან საფრთხობელას აკეთებენ, ვითომ აორგანიზებენ კონსერვატიულ ჯგუფებს და საზოგადოების ყურადღება გადააქვთ
ჩემი აზრით, პოლიცია მიზანმიმართულად მოიქცა ისე, რომ ამგვარი შედეგი დამდგარიყო და ღონისძიება არ შემდგარიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებულ მოვლენებზე კომენტირებისას განუცხადა.
„ჩემი აზრით, ეს რაღაც საფრთხობელას თამაშია და მთელი ეს ვითომ კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობა იყო დაორგანიზებული ხელისუფლების მიერ. თამაში, ვითომ ხალხი აღშფოთებულია, მერე დაიცვეს წესრიგი იმ გაგებით, რომ არავინ სცემეს, მაგრამ შინაარსობრივად მარტივი ტესტი არსებობს იმისა, თუ როგორ იქცეოდა პოლიცია. ამ „პრაიდის“ ფესტივალზე ღარიბაშვილი რომ მისულიყო, პოლიცია იმავენაირად მოიქცეოდა? იგივე რაოდენობა იქნებოდა გამოყენებული, რაც ახლა იყო თუ სხვანაირად? რადგან ცხადია, პოლიციას შეეძლო, რომ სხვანაირად მოქცეულიყო, ჩემი აზრით, პოლიცია მიზანმიმართულად მოიქცა ისე, რომ ამგვარი შედეგი დამდგარიყო და ღონისძიება არ შემდგარიყო. ეს არ არის პოლიციის ინიციატივა, დარწმუნებული ვარ, ზოგადად პოლიტიკური თამაშის ნაწილია, როდესაც სექსუალური უმცირესობებისგან რაღაც საფრთხობელას აკეთებენ, მერე ვითომ აორგანიზებენ კონსერვატიულ ჯგუფებს, მერე დაძაბულობას ქმნიან და საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ისეთ თემებზე, რომლებიც საერთოდ არ არის ჩვენი ქვეყნისთვის არც აქტუალური, არც მნიშვნელოვანი, არც საფრთხეს წარმოადგენს და, რაც მთავარია, ძალიან ცუდ პრეცედენტს ქმნიან, რომ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იზღუდება უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც ხუშტურები აქვს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.