ალექსანდრე რაქვიაშვილი - პარტია, რომელსაც 25 პროცენტის პრეტენზია აქვს, სხვასთან კოალიციაზე არ ოცნებობს, ნიკა გვარამია ძალიან აცდენილია რეალობას ან სერიოზულად არ საუბრობს
პარტია, რომელსაც 25 პროცენტის პრეტენზია აქვს, სხვასთან კოალიციაზე არ ოცნებობს, ამიტომ არ მგონია, ეს სერიოზული საუბარი იყოს ან ნიკა გვარამია ძალიან აცდენილია რეალობას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
რაქვიაშვილის თქმით, პოლიტიკურ სპექტრში არითმეტიკის პრობლემაა და შემდეგ ეს გადადის ხოლმე გადამეტებულ ამბიციებში.
„რთულია კომენტირება სიტუაციის, როდესაც ადამიანი ამბობს, 25 პროცენტს მივიღებო, სინამდვილეში, მას არ უნდა სჭირდებოდეს კოალიციები. 25 პროცენტი რომ მივიღოთ არჩევნებზე, აქეთ მოვლენ პარტიები, ვინ გინდათ, პრემიერმინისტრობის კანდიდატი რომ იყოსო. ამიტომ როდესაც ადამიანი ამბობს, 25 პროცენტს ავიღებ და თან კოალიციას შევქმნიო, ეს უცნაურად გამოიყურება. სხვა პარტიებმა უნდა იზრუნონ ასეთ ადამიანთან კოალიციის შექმნაზე. ამიტომ არ მგონია, ეს სერიოზული საუბარი იყოს ან ნიკა გვარამია ძალიან აცდენილია რეალობას. პარტია, რომელსაც 25 პროცენტის პრეტენზია აქვს, სხვასთან კოალიციაზე არ ოცნებობს. სხვები ოცნებობენ მასთან კოალიციაზე. ამიტომ იტყუება ან 25 პროცენტის, ან სხვა პარტიებთან გაერთიანების ნაწილში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა, რომ მელია, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ ძალიან მნიშვნელოვანი აქტორები არიან პოლიტიკურ სივრცეში და არჩევნებზე ჯამურად შეუძლიათ, იყვნენ 25 პროცენტს ზემოთ.