ალექსანდრე რაქვიაშვილი - მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საბოლოო ჯამში რა არის სააკაშვილის შიმშილობის მიზანი, ტრაგიკომიკურ სპექტაკლს უფრო დავამსგავსებდი იმას, რაც რუსთავის ციხესთან ხდება
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის სააკაშვილის შიმშილობის მიზანი, თუ ციხიდან გამოსვლა უნდა, მაშინ რატომ ჩამოვიდა. თუ ჩამოვიდა, ხომ იცოდა, რომ ამით დამთავრდებოდა? მჭირდება ნორმალური ახსნა-განმარტება, დრამის გარეშე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რამდენიმე თვეში რაიმე ფორმით სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიცია განხორციელდება.
„დრმა კი იყო დადგმული მანამდე, რომ რაღაც ხდება ციხეში, როგორც ვხვდები, ამ მომენტისთვის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ისიც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საბოლოო ჯამში რა არის შიმშილობის მიზანი. მიხეილ სააკაშვილი რისთვის შიმშილობს, რა უნდა რომ მივიღოთ. თუ ციხიდან გამოსვლა უნდა, მაშინ რატომ ჩამოვიდა. თუ ჩამოვიდა, ხომ იცოდა, რომ ამით დამთავრდებოდა. ამ ისტორიაში მჭირდება ნორმალური ახსნა-განმარტება ტრაგედიის და დრამის გარეშე, რომელიც ხშირად ჩანს.
მე მგონია, რომ რაღაც პერიოდი გავა, მეორე ტური ჩაივლის და რამდენიმე თვეში ალბათ უკრაინაში ექსტრადიციას რაღაც ფორმით გააკეთებენ, ამით დამთავრდება, რადგან სასმართლო რეფორმის იმედი ჯერჯერობით ამ ხელისუფლების პირობებში არ მაქვს, სხვანაირად ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ.
სულ დაძაბულობის კერა იქნება და სულ პრობლემა იქნება. საბოლოო ჯამში ყველას აწყობს, მიხეილ სააკაშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ემოციები ჩაცხრება, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია განახორციელონ“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „სააკაშვილის მხრიდან შიმშილობა პიარის შემადგენელი ნაწილია?“, – რაქვიაშვილის თქმით, ეს ყველაფერი სპექტაკლს ჰგავს.
„ტრაგიკომიკურ სპექტაკლს უფრო დავამსგავსებდი იმას, რაც ხდება რუსთავის ციხესთან. ეს ყველაფერი არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. შიმშილობა ისეთი რამ არის, ადამიანი ამას თუ მართლა დაიცავს, საბოლოო ჯამში, ამისგან არაფერი კარგი არ გამოდის ხოლმე. არ მინდა, რომ მსხვერპლი გვყავდეს და ისტორია ცუდად დამთავრდეს. ამ მომენტში საერთოდ არ ჰგავს, რომ ეს სერიოზულია, უფრო სპექტაკლს ჰგავს“, – განუცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს.