ალექსანდრე რაქვიაშვილი - მიტინგებზე ხალხის რაოდენობის შედარებით შეიძლება უფრო მეტი შედეგი მივიღოთ, დავინახოთ ხალხის გულწრფელობა, რეალური განწყობა
სწორი გეგმაა, რადგან მიტინგებზე ხალხის რაოდენობის შედარებით შეიძლება უფრო მეტი შედეგი მივიღოთ, დავინახოთ ხალხის გულწრფელობა, რეალური განწყობა – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომელმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს დაანონსებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე.
რაქვიაშვილის შეფასებით, უკეთესი იქნება, ჩატარდეს რეფერენდუმი და ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი პოლიტიკა უნდათ – სურთ ევროპაში, ევროპული წესრიგით, თუ „ქართული ოცნების“ წარმოდგენებით.
„ზოგადად, სწორი გეგმაა, რადგან მიტინგების რაოდენობის შედარებით შეიძლება უფრო მეტი შედეგი მივიღოთ, დავინახოთ ხალხის გულწრფელობა. „ქართული ოცნება“ თუ ავტობუსებისა და ხელოვნურობის გარეშე შეძლებს თბილისში უფრო დიდი მიტინგის შეკრებას, ესეც მაჩვენებელი იქნება საზოგადოების განწყობების. უბრალოდ, ფული თუ გადაუხადეს და 200 ლარად ჩამოიყვანეს ხალხი, მაგალითად, სააკაშვილის ბოლოს მიტინგებს ხელოვნურად კრავდნენ, მაშინ იგივე შედეგი იქნება. ყველა დავინახავთ რეალურ განწყობას, რადგან არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, მათი აქტიურობა და შეიძლება, ამ მიტინგმა კიდევ უფრო გაზარდოს აქტიურობა ამომრჩეველში, ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“, აგენტების კანონი. რომ დავინახავთ, რა გაუგებარი მიტინგი შეაგროვა „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ უფრო დიდი მიტინგით გამოვა ხალხი. ხალხი თუ სთხოვდა, გამოსულიყვნენ ქუჩაში. ეს ხალხი რომ გამოდის, მათ ხომ არავინ აორგანიზებს და ძალით ხომ არ კრებენ. გამოსულიყვნენ და დამდგარიყვნენ თავისუფლების მოედანთან ან ცოტა მოშორებით ყოფილიყვნენ. რამდენად იდეალური შემთხვევა იქნებოდა, ორი მიტინგი რომ იყოს და ვინც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება, ის რომ იმარჯვებდეს. ან კიდევ უკეთესი, რატომ ვწვალობთ, რეფერენდუმი, პლებისციტი ჩავატაროთ და გადავწყვიტოთ, საითკენ მივდივართ, როგორი პოლიტიკა გვინდა – გვინდა ევროპაში, ევროპული წესრიგით, თუ „ქართული ოცნების“ წარმოდგენებით“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.