ალექსანდრე რაქვიაშვილი - რამდენიმე მილიონის არამიზნობრივ განკარგვაზე უფრო დიდი დანაშაულია, სააკაშვილმა აქ რომ ააწყო ისეთი სასამართლო სისტემა, რომელსაც ახლაც იყენებს „ოცნება“
საქართველო ყველაზე კორუმპირებული იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და ცხრა მილიონზე მეტი ვერაფერი საეჭვო უპოვეს. მილიარდებს განკარგავდა წლების განმავლობაში და თუ ცხრა მილიონი დახარჯა არამიზნობრივად, ჩვენი ქვეყნის კვალობაზე არც ისე ცუდი შედეგია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფრო დიდი დანაშაულია ის სასამართლო სისტემა, რომელიც მან ააწყო.
„მგონია, იგივე სტანდარტი „ოცნების“ პრემიერებს რომ მიუყენო, უარესი იქნება, ცხრაზე მეტი მოიძებნება. ამიტომ, შეუძლია თქვას, რომ ყველა მმართველს შორის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია. წარმოიდგინეთ, ადამიანს მხოლოდ ცხრა მილიონს ედავებიან, როცა ათობით მილიონს განკარგავდა, შეიძლება, დაისაჯოს კიდევაც, მაგრამ საუკეთესო გამოდის ამ ნაწილში, ღარიბაშვილს რომ შევადაროთ, შვილები მაინც არ დაჰყავდა დასასვენებლად. ყველას აქვს ნაკლი, ყველა ცოდვილი ვართ, მაგრამ არის კონტექსტი, რომელშიც უნდა განვიხილოთ. მიმაჩნია, რომ მიშას უფრო დიდი დანაშაულია, აქ რომ ააწყო ის სასამართლო სისტემა, რომელსაც ახლაც იყენებს „ოცნება“. ეს უფრო სერიოზული დანაშაულია, ვიდრე რამდენიმე მილიონი რომ განკარგა არამიზნობრივად“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.