ალექსანდრე რაქვიაშვილი - მგონი, სააკაშვილი არასწორად იყო ინფორმირებული, გასაგებია, რომ პირდაპირ არ იტყვი, მომატყუა თანამშრომელმაო, ზოგადად, ციხეში ინფორმირება რთულია
მგონი, თავის დროზე არასწორად იყო სააკაშვილი ინფორმირებული, რეალობა როცა გაირკვა, გასაგებია, რომ პირდაპირ არ იტყვი, მომატყუა თანამშრომელმაო, იტყვი, რაღაც სხვა ვიგულისხმეო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, ადამიანი როცა ციხეშია, ზოგადად, მისი ინფორმირება რთულია.
„მგონი, თავის დროზე არასწორი ინფორმირება მოხდა მიხეილ სააკაშვილის, რამაც გამოიწვია მისი პოსტი. რეალობა როცა გაირკვა, გასაგებია, რომ პირდაპირ არ იტყვი, მომატყუა თანამშრომელმაო, იტყვი, რაღაც სხვა ვიგულისხმეო. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ადამიანი ციხეშია და ციხეში რომ არის, ზოგადად, რთულია მისი ინფორმირება. არც ისე მარტივია, რომ პოლიტიკაში მისი ჩართულობა ადეკვატური იყოს, ასეთ შეცდომას ადამიანები უშვებენ ხოლმე“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“.