ალექსანდრე რაქვიაშვილი - მერობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, საოცრება თუ მოხდა და მელია-კალაძის გარდა სხვა კანდიდატი არ იქნება, მაშინ დავფიქრდებით, ხომ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი
ალექსანდრე რაქვიაშვილი - მერობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, საოცრება თუ მოხდა და მელია-კალაძის გარდა სხვა კანდიდატი არ იქნება, მაშინ დავფიქრდებით, ხომ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაელოდებიან, სხვა ოპოზიციური პარტიები როგორ იმოქმედებენ და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას თბილისში საკუთარი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით.

„თუ დავინახავთ, რომ კანდიდატების მრავალფეროვნებაა, მშვენიერი და იმედია, ამომრჩეველს ექნება საკმარისი არჩევანი. თუ საოცრება მოხდა, ნიკა მელიას და კახი კალაძის გარდა არავინ დადგა, მაშინ დავფიქრდებით, ხომ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი. სინამდვილეში, ჩვენ არ ვაპირებთ მერობის არჩევნებში მონაწილეობას და უბრალოდ, ოპოზიციიდან ჩემი კოლეგების იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და იპოვნიან ადამიანებს, ვინც შეიძლება, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს კახი კალაძეს და ნიკა მელიას“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.

„ ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება ხალხის საკრებულოს პროპორციული სიით გაყვანა. ჩემი აზრით, ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს. ამიტომ გაუგებარია ჩემთვის ამდენი ემოცია საერთო კანდიდატების ირგვლივ, მერობის, თუ მაჟორიტარების, რადგან ეს არაფერ შუაში არ არის იმ 43%-იან ჩანაწერთან და არანაირ გავლენას არ იქონიებს ამ ყველაფერზე. პროპორციული სია პირიქით, ძალიან მნიშვმელოვანია და ჩვენ მარტო ამ ნაწილში ვიქნებით ფოკუსირებული. ჩვენ იმდენი რესურსი არ გაგვაჩნია, რომ წარვადგინოთ ყველა მაჟორიტარი, მერები და ა.შ. პრაგმატულად ვუდგებით ამ საკითხს, ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რესურსი არ გაგვაჩნია, მაქსიმალურად ეფექტიანად ვიყენებთ ამ რესურსს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.