ალექსანდრე რაქვიაშვილი - მედვედევი რუსეთის პოლიტიკის საკმაოდ კომიკური პერსონაჟია და არ მგონია, მისი ყველა განცხადება ყურადღებას იმსახურებდეს
მედვედევი რუსეთის პოლიტიკის საკმაოდ კომიკური პერსონაჟია და არ მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, მისი ყველა განცხადება ყურადღებას იმსახურებდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია, გამოირჩევა პრაგმატიზმით, შეუძლებელია, ეს არ აღვნიშნოთ“.
რაქვიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს თუ ხშირად გააკეთებს, კიდევ ბევრჯერ დაიმსახურებს შექებას.
„მედვედევი რუსეთის პოლიტიკის საკმაოდ კომიკური პერსონაჟია და არ მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა მისი განცხადება ყურადღებას იმსახურებდეს. ალბათ ეს იმავე დონეზე გადის, როგორც პროპაგანდისტების განცხადებები, მაგალითად, სიმონიანის და ა.შ. ბუნებრივია, ცუდია, როდესაც შენს მტერს, თუნდაც ასეთი კომიკური პერსონაჟის სახით, მოსწონს შენი მთავრობა, მაგრამ, საბოლოოდ, ასეთი განცხადება პირველი არ არის და თუ „ქართული ოცნება“ ზოგადად ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს ხშირად გააკეთებს, კიდევ ბევრჯერ დაიმსახურებს შექებას. საბოლოო ჯამში, ეს, სხვა განცხადებებთან ერთობლიობაში, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არც ისე სწორი მიმართულებით ვითარდება. პრეზიდენტს მკაფიოდ პროდასავლური პოზიცია აქვს დაფიქსირებული, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამიტომ აქ გასაგებია, რომ ჩვენს მტერს მისი განცხადებები არ მოეწონებოდა“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.