ალექსანდრე რაქვიაშვილი - ხელისუფლება თუ არჩეულ გზას გააგრძელებს, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი იქნება, მაგრამ ეს თუ მოხდება, ისევ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ხელისუფლება თუ არჩეულ გზას გააგრძელებს, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი იქნება, მაგრამ ეს თუ მოხდება, ისევ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება

ხელისუფლება თუ არჩეულ გზას გააგრძელებს, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი იქნება, მაგრამ ეს თუ მოხდება, ისევ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ რომ რევოლუციები ელანდება, კანონზომიერებაა, რადგან დემოკრატიისგან როცა გადაუხვევ, ბუნებრივია, ერთადერთი საფრთხე რევოლუცია გაქვს.

„სუსი-ს განცხადება საკმაოდ კომიკურად გამოიყურება. „ქართულ ოცნებას“ რომ რევოლუციები ელანდება, კანონზომიერებაა, რადგან დემოკრატიისგან როცა გადაუხვევ, ბუნებრივია, ერთადერთი საფრთხე რევოლუცია გაქვს. სად გინახავთ, რომ ერთი პარტია მეორეს რევოლუციის მოწყობაში ადანაშაულებდეს? ინგლისში ასეთ რამეს ხომ ვერ იპოვით? დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი რაღაც არ ხდება. ავტორიტარულ ქვეყნებში – რამდენიც გინდათ, პუტინს სულ რევოლუციები ელანდება. ხელისუფლება თუ არჩეულ გზას გააგრძელებს, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი იქნება, მაგრამ ეს თუ მოხდება, ისევ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.