ალექსანდრე რაქვიაშვილი - გვაქვს ინიციატივა, რომლითაც გვსურს, პარტიების დაფინანსება საარჩევნო ბარიერზე იყოს მიბმული, არანაირი დაფინანსება არ ეკუთვნის პატარა პარტიებს, თუ ბარიერი ვერ გადალახეს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - გვაქვს ინიციატივა, რომლითაც გვსურს, პარტიების დაფინანსება საარჩევნო ბარიერზე იყოს მიბმული, არანაირი დაფინანსება არ ეკუთვნის პატარა პარტიებს, თუ ბარიერი ვერ გადალახეს

გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, გვსურს, არსებული წესი გავაუქმოთ და პარტიების დაფინანსება საარჩევნო ბარიერზე იყოს მიბმული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, არანაირი დაფინანსება არ ეკუთვნის პატარა პარტიებს, თუ ბარიერი ვერ გადალახეს.

„გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება პარტიების დაფინანსებას. „ქართული ოცნების“ პირობებში მოწყობილია ლეგალური სისტემა არჩევნების გაყალბების, რომელიც, პირველ რიგში, ეხება მაღალ ბარიერს, რომლის მეშვეობით, ბევრი პარტიის ხმა დაიკარგება და გადანაწილდება, მათ შორის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. გარდა ამისა, კანონმდებლობაში ჩადებულია ნაღმი, რომელიც ხელს უშლის პატარა პარტიებს, გაერთიანდნენ. დაფინანსება იწყება ერთი პროცენტიდან. ანუ ბარიერი გვაქვს ხუთი პროცენტი, ხოლო დაფინანსება ერთი პროცენტიდან იწყება. შინაარსობრივად, როცა პატარა პარტიას შესთავაზებენ გაერთიანებას, მას არა მარტო ადგილი უნდა შესთავაზონ, არამედ ბევრი ფული, მილიონზე მეტი უნდა შესთავაზონ, რაც, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ხელს უშლის უკვე დიდ პარტიებს, წინასაარჩევნო კამპანია წარმართონ. პარტიებს მილიონები უნდა დაურიგონ იმ დროს, როცა ფული ყველაზე მეტად სჭირდებათ.

რაც მთავარია, თვითონ პატარა პარტიებს არც აქვთ სტიმული, ჩამოეკიდონ ვიღაც სხვას, როცა იციან, რომ, შესაძლოა, წარმატებას ვერ მიაღწიონ, ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობა ვერ მიიღონ, მაგრამ, შესაძლოა, საბოლოო ჯამში, მილიონი, ორი მილიონიც კი ჰქონდეს ბიუჯეტიდან მიღებული. ჩვენ გვინდა, ეს წესი გავაუქმოთ. გვინდა, დაფინანსება მიბმული იყოს ბარიერზე. მმართველ გუნდს და პოლიტიკურ კლასს თუ აინტერესებს, პატარა პარტიებით იყვნენ ჩართული პოლიტიკურ წრეში, დავწიოთ ბარიერი და მაშინ დაფინანსებაც ამ ბარიერზე მივაბათ. ხალხი შევა პარლამენტში და ყველაფერი იქნება ლოგიკურად. ბარიერი თუ მაღალია და ჩვენ ისეთ წესრიგს ვაწყობთ, სადაც დიდი პარტიები მართავენ ქვეყანას, არანაირი დაფინანსება არ ეკუთვნის პატარა პარტიებს, თუ ბარიერი ვერ გადალახეს. ამაზეა ჩვენი კანონპროექტი და იმედია, მხარს დაგვიჭერს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ერთობლივი ძალისხმევით შევცვლით კანონპროექტს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.