ალექსანდრე რაქვიაშვილი - „გირჩის“ პარტიულ სიაში რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც იტყოდა „გირჩელი“ არ ვარო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩემს პარტიაში არ ყოფილიყო, მგონი, ეს დაცინვაა საკუთარი ამომრჩევლის
კარგი იქნება, უიდეო, უპრინციპო პარტიები გაერთიანდნენ, რადგან, საბოლოო ჯამში, ამომრჩეველს აბნევენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩი“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს მკაფიო იდეოლოგია.
„ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც დგას პრინციპებზე, აქვს ღია და გამჭვირვალე დაფინანსების წყაროები, ვიღაც ფარულად მილიონებს არ გვაძლევს. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომლის მიზანია არა შურისძიება და ძალადობა, არამედ გამდიდრება და სამართლიანობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას დააფასებენ და ათიდან ერთი მაინც მოიძებნება, რომელსაც, სიძულვილის ნაცვლად, ურჩევნია გამდიდრება. ტექნიკური ამბავია პარტიული სია, რას დაარქმევენ საკუთარ პარტიას, „ლელოს“ თუ რაღაც კოალიციას, გვარამიას პარტია იქნება თუ ახალი ნეონაცები, საბოლოო ჯამში, რა მნიშვნელობა აქვს ამას? გასაგებია, რომ არის „ნაციონალური მოძრაობა“, არის ნეონაცები, არის „ლელო“, არის გახარია. მაგალითად, ალეკო ელისაშვილი „ლელოში“ შევიდა და „ლელოს“ მაისურით მოძრაობს, მაგრამ „ლელოს“ ისეთი ცუდი იმიჯი აქვს, რომ ზოგს უტყდება თქვას, „ლელოში“ შევედიო და მოიგონეს ახალი სახელი. „გირჩის“ პარტიულ სიაში რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც იტყოდა „გირჩელი“ არ ვარო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩემს პარტიაში არ ყოფილიყო. მგონი, ეს დაცინვაა საკუთარი ამომრჩევლის ან იმ პარტიის ამომრჩევლის, რომელთანაც ერთიანდები. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ლელოს“ ისეთი ცუდი იმიჯი აქვს, რომ მათ უტყდებათ საკუთარი სახელით ლაპარაკი, ეს ამ პარტიების საქმეა და ამომრჩეველიც ამას სათანადოდ დააფასებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.