ალექსანდრე რაქვიაშვილი - გამჭვირვალობის კანონზე სარჩელი არის ოპოზიციის არათანმიმდევრულობის მწვერვალი, „გირჩი“ ერთადერთია, რომელიც ასეთ შეცდომებს არ უშვებს
ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ კლანით იმართება სასამართლო, სამართლიანობის საპოვნელად ისევ სასამართლოში მიდის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, როგორც არ უნდა დამთავრდეს პროცესი, ეს სარჩელი არის ოპოზიციის არათანმიმდევრულობის მწვერვალი, რაც, ზოგადად, ძალიან აზიანებს ოპოზიციას.
„„ენჯეოების“ ნაწილში გასაგებია. შეიძლება, დონორების გადმოსახედიდან ყველა ლეგალური გზა უნდა იპოვო, რომ ინტერესი დაიცვან, მაგრამ პრეზიდენტი, რომელიც არ აღიარებდა სასამართლოს და არ ეთანხმებოდა, რომ კონსტიტუცია დაარღვია სასამართლოს გადმოსახედიდან, ახლა იმავე სასამართლოში მიდის და სამართლიანობას ეძებს. თუ ასე არის, მაშინ რატომ არ გადადგა პრეზიდენტი თანამდებობიდან, როდესაც სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა? ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ კლანით იმართება სასამართლო, სამართლიანობის საპოვნელად ისევ სასამართლოში მიდის. რაც მთავარია, როდესაც პრეზიდენტი ვეტოს ადებდა ამ კანონს, პანიკა იყო ატეხილი ოპოზიციაში, რომ შემთხვევით რამე არ ჩაეწერა ვეტოში, რომ მერე „ქართულ ოცნებას“ ეს არ გამოეყენებინა აგენტების კანონის შესაცვლელად. ახლა ხომ კიდევ უკეთესი, უფრო მეტი მისცეს. არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს, მაგრამ თუ მაშინ იყო ეს საშიშროება, ახლაც ხომ იგივე საშიშროება არსებობს და მაშინ საერთოდ შეუძლიათ, საკონსტიტუციომ რაიმე ნორმა შეცვალოს, მერე პარლამენტი ამას აღასრულებს და ყველა ბედნიერი იქნება. საბოლოოდ, როგორც არ უნდა დამთავრდეს პროცესი, ეს სარჩელი არის ოპოზიციის არათანმიმდევრულობის რაღაც მწვერვალი, რაც, ზოგადად, ძალიან აზიანებს ოპოზიციას. იმედია, მთელ ამ პოლიტიკურ სპექტრში ქართული ამომრჩეველი დაინახავს, რომ ერთადერთი პარტია ვართ „გირჩი“, რომელიც პრინციპულია და ასეთ შეცდომებს არ ვუშვებთ.
ყველა გაიქცა, ხელი მოაწერა პრეზიდენტის ქარტიას და რას მოაწერეს, ვერ გაიგეს. ახლაც შეიძლება, ვიღაცამ უბრალოდ უარი ვერ თქვა, როდესაც ვიღაცამ ინიციატივა წარმოაყენა. არ ვიცი, მაგრამ საბოლოოდ ეს მათი ასახსნელია. ჩვენ როდესაც ჩავთვალეთ, რომ საკონსტიტუციო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ყველა ჩვენი სარჩელი გამოვიტანეთ საკონსტიტუციოდან და აღარ მივსულვართ იქ. შენი ინიციატივით რომ მიდიხარ, ცხადია, ეს უცნაურად გამოიყურება. იგივე ლოგიკა, რაც ოპოზიციას ჰქონდა, რომ არ უნდა მისცე შესაძლებლობა, სახის შენარჩუნებით კანონი შეიცვალოს. „ქართულ ოცნებას“ აგენტების კანონში თუ ცვლილება უნდა, ეს შეიძლება, ახლა გააკეთოს საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში ისე, რომ დემოკრატიის ზეიმად წარმოაჩენს ამ ყველაფერს. ამიტომ, არ მესმის, რა ლოგიკით მიდის ოპოზიცია და არა ის, ჩვენ რატომ არ ვუერთდებით“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.